16-09-2020
„იმ დროს, როდესაც მოსავლის სრულად დაბინავების რესურსი არსებობს ქვეყანაში, მოსახლეობის გამოყვანა და აქციების მოწყობა, რაც მათი ბელადის საკმაოდ უცნაურ ვიდეოკლიპს ეხმიანება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, იმას, რომ ეს პოლიტიკური მოძრაობა არის უპასუხისმგებლო და მათთვის მოსახლეობის ინტერესები არაფერს არ წარმოადგენს"-ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მოკლე მიმოხილვა მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ გაიხსენოთ, თუ რა მდგომარეობა იყო მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში 2012 წლამდე და რა პარამეტრებია დღეს. ეს არის პასუხი იმ არასწორ ინფორმაციაზე, რომელიც ვრცელდება და რომლის პროპაგანდასაც დღეს ვხედავთ. ეს ეხება კონკრეტულად ინდუსტრიულად გადამუშავებული ყურძნის რაოდენობას.
დღეისათვის, საფერავის ჯიშის ყურძნის ფასი, მინიმუმ 1.5 ლარია, კონკრეტულ ზონებში ოდნავ მეტიც და ამ შემთხვევაში, სპეკულირება, რომ უფრო მეტი ფასი უნდა იყოს წარმოუდგენელია. ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ რა ჯდება მოსავლის მიღება და ამ პერიოდში, როდესაც ეკონომიკის ყველა დარგს პრობლემები აქვს და ყველა სოციალურ ფენას უჭირს, ჩვენ გარანტირებულად გვაქვს საკმაოდ მაღალი რენტაბელობით ყურძნის რეალიზების საშუალება.
2012 წელს, საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკა იყო, სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურების მონაწილეობით, დაშინების მექანიზმით, მსხვილ მევენახე ფერმერებს, 10 ჰექტარზე მეტი ფართობის მქონე მევენახეებს, არ ჰქონოდათ ყურძნის ჩაბარების საშუალება. მათ, ე.წ. „ფაშისტებს“ ეძახდნენ და მათთვის ყურძნის ჩაბარება დიდ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. ამის ფონზე, გვესმის რიტორიკა, რომ დღეს, სახელმწიფო არ ზრუნავს ფერმერებზე, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მათ აქვთ გეგმა და ისინი მევენახეებს დამატებით მისცემენ თანხას. ეს არის პირდაპირი სპეკულაცია, მოსყიდვის ისეთი მცდელობა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას ბევრჯერ აქვს მოსმენილი და რა თქმა უნდა, არ სჯერათ.
2012 წელს, მთელ საქართველოში, 60 000 ტონაზე ნაკლები ყურძენი გადამუშავდა. წელს საქართველოში, მხოლოდ საფერავის მოსავალი დაახლოებით 100 ათას ტონამდეა. ამავე დროს, როდესაც საუბარია თუ რა გაკეთდა ღვინის სექტორში, მარტივად ვიტყვი, რომ ადრე, საქართველოდან ექსპორტირებული იყო 24 მილიონი ბოთლი, საიდანაც 50% გადიოდა მხოლოდ უკრაინაში. ეს იყო ჩვენი გაყიდვების გეოგრაფია. დღეისათვის, კი 100 მლნ ბოთლამდე ქართული ღვინო იყიდება მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში და ეს არის შედეგი, რომელიც თანმიმდევრული პოლიტიკით არის მიღწეული.
ჩვენი პოლიტიკით, სახელმწიფო გამოდიოდა სუბსიდირების რეჟიმიდან. 2 წლის წინ, ჩვენ ჩავატარეთ რთველი, როდესაც მოსახლეობამ, სახელმწიფოს ჩარევისა და სუბსიდირების გარეშე, 300 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.
წელს, საქართველოს მთავრობამ, კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, უპრეცედენტო დახმარების პაკეტი გამოყო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობის სექტორისთვის. ამ დროს, ჩვენ ვნახეთ კონკრეტული ოპოზიციური პარტიის აქცია, რომელიც იყო აბსოლუტური სპეკულირება. უნდა ითქვას, რომ მარტივია რაღაცეების დაპირება, რთულია, საქმის სწორად კეთება, განსაკუთრებით უპასუხისმგებლობა კი ცრუ დაპირებებია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.