18-09-2020
კომპანია „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მობილური ვირტუალური ოპერატორების შემოსვლა საფრთხეს შეუქმნის პერსონალურ მონაცემებსა და კიბერუსაფრთხოებას, სიმართლეს არ შეესაბამება. „მაგთიკომის“ მიერ გამიზნულად გავრცელებული დეზინფორმაცია საზოგადოებისა და ზოგ შემთხვევაში, მედიის შეცდომაში შეყვანას ემსახურება, რადგან საქართველოს ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების შემოსვლა არავითარ რისკებთან კავშირში არაა - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"უფრო მეტიც, კომუნიკაციების კომისიამ მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების დაშვების გადაწყვეტილება ბაზრის ლიბერალიზაციისა და გაჯანსაღების მიზნით მიიღო. არა ერთხელ გვითქვამს, რომ MVNO-ს შემოსვლით გაიზრდება ბაზარზე კონკურენცია, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში სატარიფო შეთავაზებებსა და ხარისხზე აისახება.
ხელმისაწვდომი ფასები, მრავალფეროვანი არჩევანი, მომსახურების მაღალი ხარისხი და კონკურენტული გარემო - სწორედ აღნიშნულ სიკეთეებს ემსახურება კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება, რომელსაც მომხმარებელი 2021 წლიდან მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების შემოსვლით მიიღებს. საზოგადოებისთვის ეს არის ახალი შესაძლებლობა, რომელიც ინოვაციურ პროდუქტებს, კომფორტულ სერვისებს და ახალ შეთავაზებებს გულისხმობს.
სამწუხაროა, რომ კომპანია „მაგთიკომმა“ ცალკეულ მედია საშუალებებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ კომუნიკაციების კომისიამ მობილური ვირტუალური ოპერატორების ბაზარზე შემოსვლის გადაწყვეტილება ნაჩქარევად და რისკების შეფასების გარეშე მიიღო, რის გამოც, კომისიას ახალი კვლევის ჩატარება უწევს. კომპანია ამ შემთხვევაშიც დეზინფორმაციას ავრცელებს, ვინაიდან კომუნიკაციების კომისია ვირტუალური ოპერატორების დაშვების გადაწყვეტილებაზე 2 წელზე მეტი მუშაობდა და ამ პროცესში ყველა მობილური ოპერატორი და სხვა დაინტერესებული პირები იყვნენ ჩართული. პროცესი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების ჩართულობით, 20 წლიანი ევროპული გამოცდილებისა და მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად მომზადდა. რაც შეეხება კომისიის მიერ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიისთვის დაკვეთილ კვლევას, კომუნიკაციების კომისიამ კიდევ ერთი კვლევა სწორედ იმისთვის დაუკვეთა, რომ არც-ერთ კომპანიას არ დარჩეს კითხვა და ინტერპრეტაციის საშუალება.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პერსონალური მონაცემების, ისევე, როგორც კიბერუსაფრთხოების საკითხი მაქსიმალურადაა დაცული. პირველ რიგში მას იცავს საქართველოს კანონმდებლობა, კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონი. აღნიშნული კანონით ვირტუალურ ოპერატორებზე ვრცელდება ანალოგიური ვალდებულებები, რაც - ქსელის ოპერატორებზე: „მაგთიკომზე“, „სილქნეტსა“ და „ვიონი საქართველოზე“. ამას გარდა, MVNO-ს დაშვების საკითხი კომუნიკაციების კომისიამ 20 წლიანი ევროპული გამოცდილების გაზიარებით მოამზადა, სადაც პერსონალური მონაცემების დაცვისა და კიბერუსაფრთხოების ძალიან მაღალი სტანდარტი არსებობს. ამას გარდა, ვირტუალური ოპერატორები ყველა ევროპულ ქვეყანაში ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის მიერ დადგენილი პროტოკოლითა და გაიდლაინებით ხელმძღვანელობენ და სწორედ ანალოგიური პროტოკოლი გავრცელდება საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ დღეს მსოფლიოში მრავალი ვირტუალური ოპერატორი ოპერირებს, მრავალწლიანი პრაქტიკის მანძილზე კი, არ არსებობს არც ერთი ცნობილი ქეისი, რომ ვირტუალური ოპერატორების დაშვებას რომელიმე ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცულობისთვის რაიმე ზიანი მიეყენებინა.
აღსანიშნავია, რომ სატელეკომუნიკაციო სფეროს მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიები 4 წელია კომპანია „მაგთიკომს“ ქსელზე დაშვების მოთხოვნით მიმართავენ, რისი ვალდებულებაც კომპანიას კანონით აქვს. ამის მიუხედავად, მცირე კომპანიები „მაგთიკომისგან“ წლებია პასუხსაც კი ვერ იღებენ. ეს გარემოებაც აჩვენებს, რომ კომპანიისთვის ბაზრის ლიბერალიზაცია და თავისუფალი დაშვება მიუღებელია.
მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი (MVNO) არის მობილური მომსახურების მიმწოდებელი ისეთი ოპერატორი, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი ქსელი და ინფრასტრუქტურა და მობილური მომსახურებების მიწოდებას ახორციელებს სხვა ოპერატორის ქსელის მეშვეობით.
მსოფლიო მასშტაბით 80-მდე ქვეყანაში, მათ შორის აშშ, გერმანიაში, იაპონიაში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, 1300-ზე მეტი ვირტუალური ოპერატორი არსებობს, რომელთა უპირატესობა ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში თვალსაჩინოა. 2010-დან 2018 წლამდე MVNO-ების რაოდენობა 61%-ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, MVNO-ების აბონენტების რაოდენობა 220 მილიონს აჭარბებს, რაც მსოფლიოს მთლიანი სააბონენტო ბაზის 2.46%-ს შეადგენს. დღეს ყველაზე მეტი 139 ვირტუალური ოპერატორი აშშ-შია, ხოლო 53 ქვეყნის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ყველაზე დიდი საბაზრო წილი ვირტუალურ ოპერატორებს დანიაში აქვთ. არსებული პროგნოზებით, 2022 წლისთვის MVNO-ების რაოდენობა 18%-ით გაიზრდება და 260 მილიონ აბონენტს მიაღწევს, ხოლო 2024 წლისთვის ვირტუალური ოპერატორების ბაზრის ღირებულება 40%-ზე მეტით გაიზრდება.
საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, MVNO ეფექტური საშუალებაა ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღებისთვის. ვირტუალურ ოპერატორებს საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ აბონენტის კმაყოფილების ხარისხის ყველა პარამეტრით. კომპანიები მარტივად ერგებიან აბონენტების მუდმივად ცვალებად მოთხოვნებს, რადგან შესაძლებლობა აქვთ მომხმარებელს მათთვის ხელსაყრელი შეთავაზებები გაუკეთონ, რაზეც ტრადიციული ოპერატორები არ ფოკუსირდებიან" - აცხადებენ კომისიაში.