26-12-2017
"რუსეთი ყოველთვის ცდილობდა გავლენა მოეხდინა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე და ამ მიზნით ყველანაირ შესაძლებლობებს იყენებდა. მოსკოვი აცნობიერებდა, რომ იარაღის ექსპორტი საკმაოდ კარგი საშუალება იყო იმისთვის, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთზე დამოკიდებულნი ყოფილიყვნენ. დღეს იარაღის ექსპორტით რუსეთი ყველაზე მეტ გავლენას აზერბაიჯანზე ახდენს, თუმცა კრემლის გავლენა ასევე მნიშვნელოვანია სომხეთზეც"-ამის შესახებ სომხური გამოცემის, «Lragir»-ის მიერ, ანალიტიკოს იგორ მურადიანის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ სტატიის ქართულენოვან, შემოკლებულ ვერსიას:
აზერბაიჯანი თვითონაც ავითარებს საკუთარ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, მას არც სომხეთი არ ჩამორჩება. რუსეთი კი ცდილობს ამ სფეროში ორივე ერთი და იმავე დონეზე დატოვოს.
საქართველოსთან მიმართებით რუსეთს სიტუაცია შედარებით რთულად აქვს: თბილისმა ჩრდილოელი მეზობლისაგან დამოუკიდებელი განვითარების კურსი აირჩია და ცდილობს აშშ-ისა და ნატოს შესაძლებლობებით ისარგებლოს. საქართველოს ნატოს ქვეყნებთან თანამშრომლობა ღრმავდება და ეს შეიარაღების სფეროშიც აშკარად ჩანს.
რუსეთი იძულებულია თვალი ადევნოს ამ პროცესს და თან იმასაც ხვდება, რომ დადგება დრო და საქართველო შეიარაღებაში სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც გაუსწრებს. უფრო მეტიც, საქართველომ უკვე გაუსწრო თავის მეზობლებს ბევრი მაჩვენებლით. ნატოსთან ინტეგრაცია ყველა ქვეყნისთვის პროგრესის საფუძველია და ეს სწრაფად ხდება შესამჩნევი.
სიტუაცია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მჭიდროდაა დაკავშირებული ომთან: აშკარაა, რომ საქართველო ნეიტრალური დარჩება და სავარაუდო სამხედრო მოქმედებებში უშუალოდ არ ჩაერევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო გულგრილი დარჩება რეგიონის სამხედრო-პოლიტიკური მოვლენების მიმართ. სხვაგვარად თუ ვიტყვით, თბილისს არ შეუძლია გავლენა მოახდინოს რეგიონში შესაძლო ომზე, მაგრამ პოლიტიკურ მოვლენებზე გავლენის მოსახდენად შესაძლებლობები ნამდვილად აქვს. ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი უკვე აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სასწავლო წრთვნებში, რომლებიც რეგიონის მასშტაბით მის ტერიტორიაზე იმართება ხოლმე.
სომხეთს და აზერბაიჯანს ომისაკენ მიდრეკილება აქვთ და ამაზე ყოველ წუთს აცხადებენ. აქცენტს სავარაუდო ომზე განსაკუთრებით აზერბაიჯანი აკეთებს.
დაინტერესებულია თუ არა რუსეთი სამხედრო მოქმედებების განახლებით? შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთ კავკასიაში ომით არც რუსეთი და არც ნატო არაა დაინტერესებული, აზერბაიჯანისა და მისი მოკავშირე თურქეთის აგრესიული განცხადებების მიუხედავად.
რეგიონის ყველა სახელმწიფოს ჰყავს თავიანთი უფროსი „დიდი“ მოკავშირეები - რუსეთი, თურქეთი და აშშ, რომლებიც სიტუაციას ყურადღებით ადევნებენ თვალს და იმედი აქვთ, რომ მათი უმცროსი პარტნიორები ახალ ომს არ დაიწყებენ.