გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია შრომის ახალ კოდექსზე: არანაირ ბიზნესს, შემოსავალს არ ექნება ფასი, თუ უსაფრთხოების პირობები არ დავიცავით

20-09-2020

საქართველოში არ არის ბევრი ქალაქი, რომელსაც შეიძლება ასეთი ეკონომიკური პოტენციალი ჰქონდეს განვითარების, თან სწრაფი განვითარების, თუმცა გამოწვევები ძალიან ბევრია, თუნდაც მაღაროელების ნაწილში და გარდა იმისა, რომ ეკონომიკა და წარმოება უნდა იყოს მომგებიანი, შრომის უსაფრთხოების ელემენტარული პირობები უნდა იყოს დაცული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბეჟან წაქაძის წარდგენისას, ტყიბულში განაცხადა.

პრემიერ - მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში უკვე განიხილება ახალი შრომის კოდექსი, მეორე მოსმენით, რომელიც კიდევ უფრო უზრუნველყოფს მშრომელი ადამიანის შრომის პირობების უსაფრთხოებას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ბევრი ტრაგედია გვაქვს აქ გადატანილი, ყველას ერთად. როგორც კახიმ დღეს თქვა, საქართველოს პარლამენტში უკვე განიხილება შრომის ახალი კოდექსი, მეორე მოსმენით, რომელიც კიდევ უფრო უზრუნველყოფს მშრომელი ადამიანის შრომის პირობების უსაფრთხოებას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია და რაც წლების წინ საერთოდ არავის ახსოვდა. ის ბალანსი, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ, როგორც ეკონომიკური განვითარების, ასევე მშრომელი ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, სულ უფრო და უფრო მაღალ ხარისხში ავა. არანაირ ბიზნესს, არანაირ შემოსავალს არ ექნება ფასი, თუ ადამიანის უსაფრთხოების ელემენტარული პირობები არ დავიცავით და ეს იქნება თანმიმდევრული მიდგომა, ვინც არ უნდა იყოს აქ, ტყიბულში, ვინც არ უნდა მუშაობდეს და რანაირი კომპანიაც არ უნდა იყოს. ეს არის ის მინიმალური პირობები, რაზეც უნდა შევთანხმდეთ, რაც, რა თქმა უნდა, არ გვაძლევს გარანტიას, რომ ერთ წუთში ან ერთ დღეში ყველაფერი გამოსწორდება და უმაღლეს ევროპულ დონეზე იქნება, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ ტყიბული, როგორც ინდუსტრიული ქალაქი, როგორც მაღაროელების ქალაქი, ამ მიმართულებით ნელ-ნელა ნაბიჯი უნდა გადავდგათ,“- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, ტყიბულში განსაკუთრებით იგრძნობა სამუშაო ადგილების დეფიციტი და ეს არის მთავრობის ყველაზე დიდი გამოწვევა.

„გარდა ამისა, გულწრფელები უნდა ვიყოთ და ყველამ ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი გულის ტკივილი იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს ტყიბულში, ბევრგან სხვაგან საქართველოშიც, მაგრამ ტყიბულში განსაკუთრებით იგრძნობა სამუშაო ადგილების დეფიციტის საკითხი, რაც ჩვენს ტყიბულელებს აიძულებს ხშირ შემთხვევაში სხვაგან ეძებონ სამუშაო ადგილები, ეს არის მთავრობის ყველაზე დიდი გამოწვევა. ეს ის გამოწვევაა, რომელსაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვუპასუხოთ. ნებისმიერი ეკონომიკური რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ძირითად მიზნად ისახავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. განსაკუთრებით დღეს არის ეს პრობლემური, როდესაც ჩვენ, ყველანი ერთად, ჯერ პანდემიის კრიზისში ვართ და შემდეგ უკვე ეკონომიკური კრიზისიც დაგვეწია. საქართველო, სხვებთან შედარებით, ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციებით შევა ეკონომიკური აღდგენის ფაზაში და ეს, ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გავიაზროთ და ამისთვის, ერთობლივად უნდა ვიშრომოთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში სისტემური ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ არ უნდა იყოს განსხვავება, ადამიანი ცხოვრობს თბილისში, ბათუმში, ტყიბულში, თერჯოლაში, ზუგდიდში თუ სხვაგან.

მისივე თქმით, სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციები და სერვისები, ყველგან უნდა იყოს ერთი და იგივე და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ თანაბარი პირობები შეუქმნას ყველას.

„ტყიბულისმაგვარ ქალაქებში, ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, არის სისტემური ინფრასტრუქტურა. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ არ იყოს განსხვავება, ადამიანი ცხოვრობს თბილისში, ბათუმში, ტყიბულში, თერჯოლაში, ზუგდიდში, თუ სხვაგან. სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციები და სერვისები, ყველგან უნდა იყოს ერთ და იგივე. სისტემური ინფრასტრუქტურა უნდა იყოს დაახლოებული ერთმანეთთან. რა თქმა უნდა, გზები, წყალი, გაზი - ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი უნდა იყოს თითოეულ ქალაქსა და სოფელში. ამისთვისაც ბევრი შრომა დაგვჭირდება, იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, რა მდგომარეობაში დაგვხვდა ჩვენ ეს ინფრასტრუქტურა და მიუხედავად იმისა, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში სისტემურ ინფრასტრუქტურაში ინვესტირებული იქნება 20 მილიარდი ლარი, 4 წლის შემდეგაც, ჩვენი სისტემური ინფრასტრუქტურა, ევროპის დონეზე მაინც ვერ მივა. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ სკოლები, საბავშვო ბაღებია გასარემონტებელი და ეს ყველაფერი ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ. ტყიბულში სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის პრობლემაა, რომლის რეკონსტრუქცია დავიწყეთ და დამთავრდება, ისევე, როგორც ქსელების რეკონსტრუქციის პროექტი ახლა დგება და გაკეთდება იმისთვის, რომ გამწმენდი ნაგებობა როცა გვექნება, ტყიბულში 24-საათიანი წყალმომარაგება იყოს, საბოლოოდ. როგორც კი მაგისტრალების და ჩქაროსნული გზების პრობლემები გადაწყდება, რა თქმა უნდა, შიდა გზების პრობლემა დგება პირველ პრიორიტეტად. რა თქმა უნდა, ბავშვებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი პირობები იმისთვის, რომ მიიღონ ხარისხიანი განათლება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ იმ ადამიანებს რეგიონებში, მათ შორის ტყიბულში, რომლებსაც უნდათ, პირველი ნაბიჯები ბიზნესში გადადგან, სახელმწიფო გვერდით დაუდგეს და ეს პირობები შეუქმნას, თანაბარი პირობები შეუქმნას ყველას, იმის მიუხედავად, ვინ სად ცხოვრობს და ვის როგორი შესაძლებლობები აქვს. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი, რომელზეც თქვენთან ერთად უნდა ვიშრომოთ ყოველდღიურად იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში მივაღწიოთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, განათლებულ და ევროპულ სახელმწიფოს. ეს ის მიზანია, რომელსაც ჩვენ ერთად უნდა მივაღწიოთ, რომ საბოლოო ჯამში, უახლოეს მომავალში მივუკაკუნოთ ევროპული ოჯახის ქვეყნების დიდ გაერთიანებას და ვთქვათ, რომ ჩვენ ვიმსახურებთ და საქართველო უკვე არის სრულად ევროპული ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ქართული დემოკრატიის ხარისხი კიდევ ერთხელ დავუდასტუროთ ყველას, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის ღირსება და პოლიტიკური პლურალიზმი. ამის დამადასტურებელი იქნება ეს არჩევნები. დარწმუნებული ვარ, ბეჟან წაქაძე იქნება თითოეული თქვენგანის ღირსეული ხმა საქართველოს პარლამენტში. გამარჯვებას გისურვებთ, რაც მთავარია სამართლიან ბრძოლაში,“- აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930