21-09-2020
მიმდინარე წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტით (29.6 ლარით) შემცირდა და 1 150.1 ლარი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების შემცირება შეინიშნებოდა სექტორების უმრავლესობაში. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 040.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 14.7 პროცენტით);
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 932.8 ლარი (გაიზარდა 7.0 პროცენტით);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 786.9 ლარი (შემცირდა 6.0 პროცენტით);
- მშენებლობა – 1 621.4 ლარი (შემცირდა 8.5 პროცენტით);
2020 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 924.2 ლარით, ხოლო კაცების - 1 352.4 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 10.7 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირდა 67.4 ლარით. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
საქსტატის ცნობითვე, 2020 წლის II კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 65.5 ლარით შემცირდა და 1 175.6 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 044.3 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 4.4 პროცენტით), ასევე ინფორმაციის და კომუნიკაციის (1 972.6 ლარი, გაიზარდა 9.3 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება.
2020 წლის II კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 34.9 ლარით და 1 108.8 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების დასაქმებულებს.