გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის და ქურდობისთვის ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

22-09-2020

თელავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის და ქურდობისთვის ბრალდებული ი.გ. დამნაშავედ ცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ

2020 წლის 1-ელ იანვარს, სიღნაღის რაიონის ქ. წნორში, ი.გ.-მ ანგარებით, განზრახ მოკვლის მიზნით ი.ხ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ი.ხ. ადგილზე გარდაიცვალა, რის შემდეგაც ი.გ. გარდაცვლილის კუთვნილ 800 ლარს, 1100 ლარის ღირებულების ოქროს ნივთებს დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ი.გ. 2020 წლის 03 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ანგარებით), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ქურდობა რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, თელავის რაიონულმა სასამართლომ ი.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930