23-09-2020
„საზოგადოებამ დაინახა, რომ პანდემიის დროს ხელისუფლება იყო ძალიან ეფექტიანი. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, თავიდან აგვერიდებინა ის პრობლემები, რაც პანდემიით იყო გამოწვეული. საუბარია, როგორც სამედიცინო მხარეზე, ისე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე“, - განაცხადა ტვ „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ვერცერთი სახელმწიფო ვერ შეძლებს იმ ეკონომიკური ზიანის ერთ წელიწადში სრულად აღმოფხვრას, რაც პანდემიის დროს მიიღო.
„ჩვენზე დიდი ზიანი მიიღო ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ჩვენი ამოცანა იყო ზიანის მინიმუმამდე დაყვანა, რაც მოვახერხეთ სხვადასხვა ინტერვენციის საშუალებით. ეს იყო სოციალური დახმარებები და ბიზნესისთვის გაწეული დახმარება. რა თქმა უნდა, ეს ზიანს სრულად ვერ გაანეიტრალებს.
წინასწარი პროგნოზით, -5% -ით დაასრულებს ჩვენი ქვეყანა მიმდინარე წელს, რაც ბუნებრივია, არის მძიმე და, რა თქმა უნდა, ეს მოქალაქეების მდგომარეობაზეც უკვე აისახა და აისახება, თუმცა ეს ზიანი მინიმალურია. ევროკავშირის ზოგ ქვეყანაში 10% -ზე მაღალი იყო რეცესია და ეკონომიკური ვარდნა. ჩვენი ამოცანაა მომავალი წლის ბოლომდე სრულად აღვადგინოთ ის მდგომარეობა, რაც პანდემიამდე გვქონდა. ეს არის აბსოლუტურად რეალური, რაზეც მეტყველებს წინასწარი შეფასებები, რაც აქვს სავალუტო ფონდს ანუ უკვე 2021 წლის ბოლომდე ჩვენ ეკონომიკური განვითარების იმ ნიშნულს დავუბრუნდებით, რაც გვქონდა პანდემიის დაწყებამდე, ხოლო მომდევნო 3 წლის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მილიარდობით გავზარდოთ მთლიანი შიდა პროდუქტი, ჩვენი ეკონომიკა, რაც თითოეულ მოქალაქეზე აისახება. ეს რადიკალურად შეამცირებს სიღარიბის დონეს საქართველოში.
ჩვენ მემკვიდრეობით წინა ხელისუფლებიდან გადმოგვეცა სიღარიბის ძალიან მაღალი მაჩვენებელი. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, ეს იყო 30%, რაც ნიშნავდა 1 150 000 ადამიანს, ვინც ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. მაშინ სამივე ტელევიზია იყო მონოპოლიზებული ხელისუფლების მიერ და წარმოჩენილი იყო სიცრუე, რადგან იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა, ტელევიზიები კი სულ სხვა სურათს აჩვენებდნენ. ჩვენ ეს მაჩვენებელი დავიყვანეთ 730 000-მდე. ეს იყო პანდემიის დაწყებამდე მდგომარეობა. შეიძლება აქაც იყოს რაიმე ნეგატიური ტენდენცია, თუმცა ჩვენ დავუბრუნდებით იმ მაჩვენებელს, რაც გვქონდა პანდემიამდე და შემდეგი 3 წლის განმავლობაში შეგვიძლია რადიკალურად შევამციროთ სიღარიბის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში. ტენდენცია უნდა შევინარჩუნოთ პოზიტიური, ამისთვის გაკეთდება ყველაფერი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.