23-09-2020
ეუთოს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმზე საქართველოს დელეგაციამ გააკეთა განცხადება რუსეთის მიერ 21-26 სექტემბერს მიმდინარე სამხედრო წვრთნებთან - „კავკასია 2020“ დაკავშირებით. ქართულმა მხარემ დაგმო ამ წვრთნების რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარება და მათში ამ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსული სამხედრო ბაზების მონაწილეობა.
საქართველოს დელეგაციამ ეს ფაქტი შეაფასა, როგორც რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების უხეში დარღვევა. ქართული მხარის განცხადებით, რუსეთის აგრესიული და პროვოკაციული ქმედებები საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას და იწვევს დესტაბილიზაციას რეგიონში.
ამ საკითხის ქვეშ, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, აშშ-ის, კანადის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის დელეგაციებმა. გამომსვლელებმა ერთხმად დაგმეს სამხედრო წვრთნების საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარება და მოუწოდეს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. დელეგაციებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.