24-09-2020
ადაპტაციის და მართვის ეტაპის მესამე, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, ეს უკვე გახლავთ სწრაფი დაბრუნება, ცხოვრების ახალ, ჩვეულ რიტმში, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, ეს გულისხმობს, ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას, ცხოვრებას გარკვეული წესებით, ამ წესების კიდევ უფრო მეტად სწავლას და რაც მთავარია, პასუხისმგებლობის გაზიარებას.
„ეს არ გახლავთ მხოლოდ მთავრობის პასუხისმგებლობა, ეს არის ყველას ერთიანი, ჩვენი, როგორც მოქალაქეების პასუხისმგებლობა, რომ ელემენტარული წესები დავიცვათ, იმიტომ, რომ რაც უფრო მაღალია ეს პასუხისმგებლობა, ნაკლებია გავრცელება.
ბუნებრივია, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება ეტაპობრივად მიმდინარეობს. ამისთვის ვატარებთ პრევენციულ ღონისძიებებს და როდესაც პრევენციულ ღონისძიებებზე ვსაუბრობთ, აქ არ იგულისხმება ქვეყნის მთლიანად ჩაკეტვა, როგორც ეს მარტში და აპრილში იყო, არ იგულისხმება საგანგებო მდგომარეობა და ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინი, აქ იგულისხმება მიზნობრივი, წერტილოვანი, ლოკალური ხასიათის შეზღუდვები, მაგალითად ისეთი, როგორიც ახლა, ამ მომენტშიც გვაქვს დაწესებული აჭარაში. ეს ღონისძიებების აუცილებელია იმისთვის, რომ ალბათ ილუზია არავის არ უნდა გვქონდეს, რომ ამ პერიოდში ჯანდაცვის სისტემის რადიკალური გარდაქმნა მოხდებოდა. ეს რესურსები, ბუნებრივია, არ არის ამოუწურავი, აქაც, მაქსიმალური სიფრთხილით უნდა ვიმოქმედოთ“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.