25-09-2020
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 596.5 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე 675.7 ათასი ვიზიტი განახორციელეს. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 37.2 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის მეორე კვარტალის შესაბამის მონაცემებზე.
2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 308.4 ათასით განისაზღვრა, რაც 31.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის მეორე კვარტალში ვიზიტორების 39.1 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 50.5 პროცენტს შეადგენდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 40.7 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 11.8 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11.6 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.
ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქალაქ თბილისში (საშუალოდ 135.0 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 128.5 ათასი ვიზიტი თვეში).
2020 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 89.2 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 25.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 23.2 პროცენტით და 132.0 ლარს უტოლდება.