გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ აბაშიძე: საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა ევროპასთან პირდაპირი ინფრასტრუქტურული საზღვრით, რაც ჩვენი უპირატესობაა ჩამოვყალიბდეთ რეგიონის ციფრულ ჰაბად

25-09-2020

„საქართველოს გარანტირებული უპირატესობა აქვს, რომელიც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას გამოიყენოს უკვე არსებული განვითარებული სატელეკომუნიკაციო მაგისტრალური ინფრასტრუქტურა, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და კომერციული კონტრაქტები, რათა აქტიურად განავითაროს კორიდორი ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს შორის - სომხეთის გავლით და ხელი შეუწყოს რეგიონის, მონაცემთა უსაფრთხო და სანდო გამტარის პოზიციონირებას.“ - აღნიშნული განცხადება კომუნიკაციების კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმზე გააკეთა, სადაც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში კიბერუსაფრთხოების მოწყვლადობის თემა განიხილებოდა. ვახტანგ აბაშიძემ ციფრული აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს პოტენციალისა და პერსპექტივის შესახებ ისაუბრა და განიხილა ქვეყნის, როგორც ციფრული ჰაბისა და დატა ცენტრის შექმნის უნიკალური შესაძლებლობა.

„ცნობილია, რომ აზიის ქვეყნები ევროპულ ინტერნეტზე ალტერნატიულ გასასვლელს ეძებენ. ციფრული აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს პერსპექტივა, როგორც ციფრული ჰაბისა და დატა ცენტრის, სწორედ აღნიშნულ შავი ზღვის კაბელზე გადის. საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა ევროპასთან პირდაპირი ინფრასტრუქტურული საზღვრით. რეგიონში საქართველო საერთაშორისო ტრანზიტის გამტარია სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, რომლებიც თავის მხრივ, ტრაფიკს ამისამართებენ ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიისკენ. სწორედ აღნიშნული მარშრუტების გახსნა ინტერნეტის საერთაშორისო მოცულობების გასატარებლად, ორი უმნიშვნელოვანესი ციფრული კორიდორის არსებობას გახდის შესაძლებელს: პირველი - ევროპიდან საქართველოს გავლით, სომხეთისა და შემდგომ ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით, და მეორე - ევროპიდან საქართველოს გავლით, აზერბაიჯანისა და შემდგომ სამხრეთ აზიის მიმართულებით. არსებული ციფრული ინფრასტრუქტურა და საერთაშორისო ჩართვის წერტილები უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს საქართველოს ეტაპობრივად მოახდინოს საკუთარი პოტენციალის განვითარება და ჩამოყალიბდეს როგორც ციფრული ჰაბი. აღნიშნული კორიდორის გასამართად მნიშვნელოვანია ტრანს კასპიური დამაკავშირებელი გზის არსებობა, რომელიც აზერბაიჯანიდან - კასპიის ზღვის გავლით იარსებებს და რომლის განხორციელება ახლო პერსპექტივაში მოიაზრება.“ - განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ისაუბრა იმაზე რა სარგებელს მოუტანს საქართველოს ციფრული ჰაბის ფუნქცია. ვახტანგ აბაშიძის განცხადებით, ქვეყანას ციფრული ჰაბის სტატუსი პირველ ეტაპზე ნახევარ მილიარდ დოლარამდე შემოსავალს მოუტანს ყოველ წლიურად, რაც შემდგომ წლებში რამდენჯერმე გაიზრდება.

„რეგიონში ინტერნეტ ტრანზიტის ბაზრის 75%-ს გლობალური ტექნოლოგიური გიგანტები ამაზონი, ფეისბუქი, გუგლი და მაიკროსოფტი დაიკავებენ. საქართველო შავი ზღვის წყალქვეშა ინფრასტრუქტურის მიზნობრივი გამოყენებით მომავლის ციფრულ ეკონომიკას ტექნოლოგიურ ჰაბად შეუერთდება, რაც დამეთანხმებით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და განვითარებისთვის ძალიან დიდი შესაძლებლობაა. საქართველოში არსებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ქვეყნისთვის ქმნის შესაძლებლობას ჩამოყალიბდეს გლობალურ მონაცემთა სატრანზიტო კვანძად ახალი მარშრუტებისთვის, რომელიც ევროპას აზიასთან და შუა აღმოსავლეთთან დააკავშირებს. ამ პროექტში საქართველოს მიზანია იყოს სრულუფლებიანი და პასუხისმგებლიანი მოთამაშე და არა პროცესის უუფლებო დამკვირვებელი“,- განაცხადა აბაშიძემ.

ვახტანგ აბაშიძემ საზოგადოებას ასევე გრაფიკული ვიდეო-რგოლი წარუდგინა, რომელშიც დეტალურად არის გადმოცემული შავი ზღვის წყალქვეშა ინფრასტრუქტურის მიზნობრივი გამოყენების შემთხვევაში საქართველოს პოტენციალი და რეგიონისთვის ეკონომიკური სარგებელი. იხ. ვიდეო

ციფრული პოტენციალისა და პერსპექტივების გარდა, ვახტანგ აბაშიძემ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მიმდინარე პროცესებზე, დივერსიფიცირებულ, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებასა და საკანონმდებლო რეგულირებაზე გაამახვილა ყურადღება და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაწოდა სწორი ინფორმაცია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ.

“2020 წლის 17 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, კომუნიკაციების კომისიას გაუჩნდა ქმედითი ინსტრუმენტი და დამატებითი უფლებამოსილება კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ კომპანიებზე, იმ შემთხვევაში, თუ ისინი კანონმდებლობის მოთხოვნებს, ან კომისიის მიერ განსაზღვრულ გარკვეულ სპეციალურ ვალდებულებებს ჯიუტად არ შეასრულებენ. ჩვენ დღეს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გვესწრებიან და დამეთანხმებიან, რომ ვერთ ერთ ქვეყანაში, რომელსაც წარმოადგენენ, ვერ ნახავთ პრეცედენტს, სადაც სახელმწიფოს თანხმობა არ იქნება საჭირო სტრატეგიული ობიექტის გასხვისებაზე. თუ ეს ხდება სახელწმიფოს ნებართვის გარეშე და სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა უწყებას ეხება ეს საკითხი, ევროპულ ქვეყნებში კანონი ბევრად მკაცრია. შესაბამისად, "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები სწორედ სახელმწიფო ინტერესების დაცვას ემსახურება სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად” - განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930