გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ-ში ქართული ენის დღე მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნა

14-04-2018

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედა ენის დღე მოძრაობის „არა ბარბარიზმებს" სკოლის მოსწავლეთა კონკურსში - „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!“ გამარჯვებულთა და ქართული ენის სწავლება-პოპულარიზებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალით აღინიშნა.ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედა ენის დღე მოძრაობის „არა ბარბარიზმებს" სკოლის მოსწავლეთა კონკურსში - „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!“ გამარჯვებულთა და ქართული ენის სწავლება-პოპულარიზებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალით აღინიშნა.  ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ენის სახელმწიფო დეპარტამენტთან და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით გაიმართა.


  კონკურსი „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ეძღვნებოდა და მასში საქართველოს 40 სკოლის 400-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. სკოლის მოსწავლეებმა დაწერეს ესე თემაზე: „რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“, სკოლებმა კი ჩაატარეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. საკონკურსო ჟიურიმ გამოავლინა 20 გამარჯვებული მოსწავლე.  


  ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 


  „მიხარია, რომ დღეს, სწორედ აქ, თბილისის სახლმეწიფო უნივერსიტეტში ჩვენ ასე მნიშვნელოვნად აღვნიშნავთ იმ თარიღს, რომელიც სულ 40 წლის წინ იწყებოდა, როგორც დილა, რომლის ორგანიზატორებსაც ალბათ, ბოლომდე არ ჰქონდათ იმედი როგორ გაგრძელდებოდა მათი დღე და მათი მომავალი, მაგრამ მათ გმირული ნაბიჯი გადადგეს და დაიცვეს ჩვენი მშობლიური ენა და ამასთან ერთად, სტიმული მისცეს ჩვენი ეროვნული მოძრაობის ახალი ტალღის წამოწყებას. მართლაც,  ქართული ენა ჩვენი იდენტობის, ქართული იდენტობის კულტურული, ეთნიკური და მნიშვნელოვანწილად სახელმწიფოებრივი იდენტობის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფენომენია,“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.  


  თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, 40 წლის წინ, 14 აპრილს ჩამოყალიბდა ქართული სამოქალაქო საზოგადოება და დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მეორე ტალღა.  „ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ცხოვრებაში. მე ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი იმ დღეთაგანი, რომელმაც ჩვენი თანამედროვე ისტორია შექმნა.   ბევრ მოღვაწეს, რომელიც გამოვიდა და აქტიური მონაწილეობა მიიღო ამ პროცესებში, არ ჰქონდა განცდა იმისა, რომ მართლა შესაძლებელი იყო იმპერიული მანქანის დამარცხება.  ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მთელი ერი გაერთიანდა ამ იდეის გარშემო და შევძელით ქართული ენის გადარჩენა, როგორც სახელმწიფო ენისა,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა.     ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, 40 წლის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაძრულმა სტუდენტობამ, პროფესურამ და უფროსი თაობის წარმომადგენლებმა ისტორიულ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ჩაუყარეს საფუძველი.  „დღევანდელი დღე 1978 წლის მოვლენების კულმინაციური დღეა. ვფიქრობ, რომ იმ პროცესებს გარკვეული უხილავი ხელი მართავდა და ეს უხილავი ხელი იყო ქართველი ხალხის ნება - მიგვეღო ისტორიული გადაწყვეტილება,“ - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.      


კონკურსის გამარჯვებულ მოსწავლეებს და მონაწილეებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისგან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან და თიბისი ბანკისგან გადაეცათ  ჯილდოები და სიგელები.              


კონკურსში გამარჯვებული, 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლის, გიორგი კომახიძის თქმით, პროექტში მონაწილეობის მიღება და გამარჯვება თსუ 100 წლის იუბილეზე მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. „ჩემი ესე ეხებოდა იმას, თუ როგორ უნდა მოვუფრთხილდეთ მშობლიურ ენას. გამარჯვების მოლოდინი, რა თქმა უნდა, იყო საკმაოდ დიდი და ძალიან გამიხარდა გამარჯვება,“ - ამბობს გიორგი კომახიძე.            


ღონისძიებაზე ენის სახელმწიფო დეპარტამენტის დედაენის დღის საიუბილეო თარიღისადმი (1978-2018) მიძღვნილი მედლებით და სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ ქართული ენის სწავლებისა და პოპულარიზებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ისპაჰანის ენების ცენტრის ქართული ენის მასწავლებელი ჰუსეინ მიქელანი (მიქელაძე), ვლადიკავკაზის აკაკი წერეთლის სახელობის მე-19 (ქართული) საშუალო სკოლის დირექტორი ეთერ ფიცხელაური, საზოგადოებრივი მაუწყებლობა აფხაზურენოვანი “მთავარის” რედაქტორი; ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტის – რადიო “ჰარა” დიქტორი ესმა კოკოსკერია,  ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლა; ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნუნუ დევნოზაშვილი, მარნეულის N3 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე მაჰდი მამედოვი, ილია ჭავჭავაძის სახელობის  ქალაქ ახალქალაქის #3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა კარაპეტიანი, რაგბის ქართული ტერმინების შემქმნელი ზაალ გიგინეიშვილი, დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი, ქართული წერა-კითხვის, ქრთული ლიტერატურის ნიმუშების გამავრცელებელი და პოპულიზატორი ფერეიდანში ალი რეზა რაჰიმი (რეზო დავითაშვილი).         


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო ენისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების ხელშეწყობისთვის, ქართული ენის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდა თაობის აღზრდა-განათლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა  ქართველი მეცნიერები : შუქია აფრიდონიძე, ლაურა გრიგოლაშვილი, დამანა მელიქიშვილი, გრივერ ფარილავა; 1978 წლის 14 აპრილს ქართული ენის დაცვისთვის, სახალხო მოძრაობაში აქტიური მონაწილეობისა და ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შენარჩუნებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე.  
         

„14 აპრილი იყო ძალიან დიდი შეერთების, კონსოლიდაციის, მეგობრობის დღე. ამიტომ ყოველთვის დასამახსოვრებელი იქნება ეს დღე. ჩემთვის დღევანდელი ჯილდო მოულოდნელი იყო, მაგრამ ეს მიმაჩნია არა საკუთარ ჯილდოდ, არამედ იმ ღირსშესანიშნავი დღის ჯილდოდ, როდესაც ჩვენ ვიყავით ერთნი,“ - აღნიშნა პროფესორმა შუქია აფრიდონიძემ.
 

დაჯილდოების ღონისძიების დასასრულს კონკურსის მონაწილეებმა საჰაერო ბურთები გაუშვებეს წარწერით „არა ბარბარიზმებს!“

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930