გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროკავშირმა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა

14-04-2018

ევროკავშირმა, ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას, გამოსვლის საპასუხოდ გაკეთებულ განცხადებაში მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე, როგორც არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ.

ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის ახალ პაკეტს და აღნიშნა მისი მნიშვნელობა გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის.


ევროკავშირის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უკანონო სამხედრო ყოფნისა და მილიტარიზაციის გზით. ამ კონტექსტში განცხადებაში აღინიშნა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და იმპლემენტაციის აუცილებლობა. ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ხაზი გაუსვა ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას, მათ შორის, ძალის არგამოყენების პრინციპის იმპლემენტაციის უზრუნველყოფის მიზნით.


ევროკავშირის განცხადებაში ასევე აქცენტი გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრებზე, როგორც კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების და გამოწვევების განხილვისთვის მნიშვნელოვან ფორმატებზე.


ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მძიმე სიტუაციასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეულია გადაადგილების შეზღუდვით, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვით და საკუთრების უფლების დარღვევით. საუბარი ასევე შეეხო ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხს, რომელიც წარმოადგენს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემას. ევროკავშირმა მწუხარება გამოთქვა, რომ რუსეთის და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების მიერ მოლაპარაკებების დატოვების გამო, ჟენევის ფორმატში კვლავ ვერ მოხერხდა საგნობრივი დისკუსიების გამართვა დევნილების საკითხზე.


ევროკავშირმა დაგმო არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი და აღნიშნა სრულფასოვანი გამოძიების ჩატარების და მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა, მათ შორის ოთხოზორიასა და ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევებზე.


ევროკავშირის წარმომადგენელმა ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე შეუზღუდავი წვდომის აუცილებლობას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031