გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობებთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს

29-09-2020

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოიკვეთა კამპანიური ხასიათის მქონე მცდელობები საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მიზნით. კერძოდ, კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები ორგანიზებულად იღებენ მონაწილეობას მსგავს ღონისძიებებში და დაუზუსტებელი, არასწორი ინფორმაციის საფუძველზე ცდილობენ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ხელშეშლას და დისკრედიტაციას.

მაგალითისთვის, დღეს იყო მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობის პროცესში ხელის შეშლის მცდელობა: ზემოაღნიშნული ორგანიზაციები და ასევე აღნიშნული პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აცხადებდნენ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები პარტიების წევრების დასწრებისა და მონაწილეობის გარეშე ჩატარდა. ამ პირებს, ასევე ჰქონდათ მცდელობა კანონის დარღვევით შეჭრილიყვნენ მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

სამწუხაროა, რომ ზოგიერთი სადამკვირვებლო ორგანიზაცია სცდება დაკვირვების მანდატს და მათი საქმიანობა ხორციელდება მიკერძოებულად, რაც თვალნათლივ ასახავს ეუთო/ოდირის 2018 წელს რეკომენდაციებში აღნიშნულ და დღესაც არსებულ პრობლემას ყალბ დაკვირვებასთან დაკავშირებით.

ხაზგასმით არის აღსანიშნავი, რომ მთაწმინდის ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიების თითოეული წევრი ინფორმირებული იყო პირველი სხდომების თარიღის და დღის წესრიგის შესახებ. ამასთან, ჯერ კიდევ გუშინ, 28 სექტემბერს, ცესკომ დილიდანვე საჯაროდ გაავრცელა ინფორმაცია პირველი სხდომების ჩატარების დაწყების თაობაზე და მოუწოდა არჩევნებში ჩართულ მხარეებს უფლებამოსილების ფარგლებში დაკვირვებოდნენ მიმდინარე პროცესებს.
მივმართავთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას, ყველა ჩართულ მხარეს ვინც მიუკერძოებლობის პრინციპის, პროფესიული სტანდარტისა და ეთიკის ნორმების დაცვით ახორციელებენ საკუთარ საქმიანობას, აქტიურად დააკვირდნენ მიმდინარე საარჩევნო პროცესებს, რაც ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას, და აგვარიდებს არაზუსტი, საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებაში" - აცხადებენ ცესკოში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930