29-09-2020
„მე მინდა კონკრეტულ ფაქტს შევეხო, საუბარი არის განცხადებებზე, რომ თურმე საზოგადოებრივი მაუწყებელი გასაუქმებელია და როგორც კი დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, პირველი რასაც იზამენ ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმება. ძალიან სამწუხაროა ასეთი განცხადებების მოსმენა, მაგრამ ძალიან კარგად ხვდება ყველა საბოლოო ჯამში ვისთან აქვთ საქმე და რამდენად ფასადურია მათი ევროპელობა“,-ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
კახა კუჭავა გამოეხმაურა ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებულ პოზიციებს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით.
„გვახსოვს ჩვენ თუ რამდენად შეზღუდული იყო სიტყვის თავისუფლება, გვახსოვს დარბევები ტელევიზიების, დახურვები ტელევიზიების, ამის ფონზე კიდევ აკეთებენ დაპირებას, რომ დაბრუნების შემდეგ აპირებენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლობას შეუწყვიტონ მაუწყებლობა. ფაქტი ერთი არის და სტატისტიკა ამაზე მეტყველებს, 2012 წლამდე მხოლოდ 4 ეროვნული მაუწყებლობის ტელევიზია არსებობდა, დღეს ეს რაოდენობა 21-მდეა გაზრდილი და მთლიანობაში ტელევიზიების რაოდენობამ, რომლებიც საქართველოში ფუნქციონირებენ 110-ს გადააჭარბა. წარმოუდგენელი იყო ლიცენზია მიეღო 2012 წლამდე, პროცედურების გათვალისწინებით, დღეს იმდენად გამარტივებულია, რომ ზუსტად 10 დღეა საკმარისი იმისთვის, რომ ნებისმიერი მიმართულების და თემატიკის ტელევიზია შექმნა. ყველაფერს ამას საბოლოო ჯამში ემატება განცხადებები მათი ლიდერისგან, ბელადისგან, რომელიც პირდაპირ შეურაცხყოფს ევროპულ ღირებულებებს ევროპის კანონმდებლობას, ის, რისთვისაც ჩვენ ვიღწვით, რომ მაქსიმალურად ჰარმონიზაცია მოვახდინოთ და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ, რომ ევროპული ოჯახის წევრები გავხდეთ, თუ რამდენად „იდიოტურია“ ევროპული კანონმდებლობა და როგორ არ ღირს მათი გათვალისწინება. ფაქტი ერთი არის, მიუხედავად ყველაფერი ამისა, ჩვენი ნაბიჯები იმდენად წარმატებულია, შედეგები იმდენად პოზიტიურად არის შეფასებული, რომ ეს პროცესი არის შეუქცევადი გზა“,-განაცხადა კახა კუჭავამ.