გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ადვოკატ ალექსანდრე კობაიძესთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

1-10-2020

სპეციალური პენიტენციური სამსახური, ადვოკატ კობაიძის მორიგ, მათივე შეფასებით არაკომპეტენტურობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„2020 წლის 30 სექტემბერს ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა მორიგი სიცრუე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან დაკავშირებით.

“საკარანტინო რეჟიმში ამუშავებთ (პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებს) და დაფასება ნოლი!!! ხელფასები მაინც მოუმატეთ“, - მიმართა მან აწ უკვე ყოფილ იუსტიციის მინისტრს.

მას შემდეგ, რაც 2018 წლის ივლისში პენიტენციური სისტემა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადავიდა, პატიმართან ერთად პენიტენციური სისტემის თანამშრომელიც გახდა განსაკუთრებული ზრუნვის საგანი. სისტემის თანამშრომლების შრომის ანაზღაურება მას შემდეგ ყოველწლიურად იზრდება.

მაგალითად, N8 პენიტენციური დაწესებულების ინსპექტორ-კოტროლიორის თანამდებობრივი სარგო დღეს არის 1530 ლარი (რაც 2018 წლის ივლისისთვის არსებულ სარგოს 410 ლარით აღემატება), ოპერატიული მორიგის - 1920 ლარი (რაც 2018 წლის ივლისისთვის არსებულ სარგოზე 735 ლარით მეტია), ხოლო მთავარი ინსპექტორის - 1850 (რაც 2018 წლის ივლისისთვის არსებულ სარგოს 585 ლარით აღემატება) და ა.შ.
ასევე დაწესებულებებისა და სამუშაოს სპეციფიკის შესაბამისად, გაზრდილია სხვა თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება, მათ შორის 2020 წლის თებერვალში განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად, გაიზარდა ყველა პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალის შრომითი ანაზღაურება.

რაც შეეხება ბოლო თვეებში პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. ყაზარმულ რეჟიმში მომუშავე თანამშრომლებს. შეგახსენებთ, კოვიდ-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 5 მარტიდან პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული პირობები ამოქმედდა. 29 მარტიდან კი პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლები ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდნენ. ამ შრომის ასანაზღაურებლად, მოცემული პირები ყოველთვიურად იღებენ შესაბამის დანამატს. თავდაპირველად, სამი თვის განმავლობაში ეს იყო 100%-იანი დანამატი. მოგვიანებით, ახალი სამუშაო გრაფიკის დამტკიცების შემდეგ (რაც გულისხმობს ყაზარმულ რეჟიმში ყოფნას როტაციის პრინციპით) დაწესებულებების თანამშრომლებს ყოველთვიურად ეძლევათ დანამატი სარგოს 20%-ის ოდენობით. ვინაიდან ეპიდსიტუაცია არ იძლევა პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული პირობების მოხსნის შესაძლებლობას, ხოლო გაცემული დანამატების ოდენობამ კანონით დაშვებულ ზღვარს მიაღწია, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოიყენა მისთვის პატიმრობის კოდექსით მინიჭებული უფლება და გამოსცა ბრძანება, რომლის შესაბამისად, ყაზარმულ რეჟიმში მყოფ თანამშრომლებს დაუწესდათ ყოველთვიური დანამატი, არაუმეტეს მათი სრული თანამდებობრივი სარგოს ზღვრული ოდენობისა. შედეგად, მოცემული პირები დანამატს განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში დაუბრკოლებლად იღებდნენ და ღებულობენ.

შესაბამისად, ადვოკატ კობაიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების შრომა არ ფასდება და პენიტენციური სამსახურის და იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობა მათზე არ ზრუნავს, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა, რასაც ადვოკატი კობაიძე კვლავ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს“-ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930