1-10-2020
იერუსალიმში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბი აშკენაზიმ და საქართველოს ელჩმა ისრაელში, ლაშა ჟვანიამ ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დამხმარე პერსონალად დროებით დასაქმების შესახებ.
დღეს, 1 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ და ისრაელის ელჩმა საქართველოში, რან გიდორმა, ხელი მოაწერეს აღნიშნული შეთანხმების იმპლემენტაციის პროტოკოლს.
„ორივე დოკუმენტი შემუშავებულია, რათა ხელი შეუწყოს საქართველოდან ასობით დამხმარე მუშაკის შერჩევასა და დროებით დასაქმებას ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში, სადაც ქრონიკული ან კომპლექსური დაავადებებისა და/ან შეზღუდული (ფიზიკურად ან კოგნიტურად) შესაძლებლობების მქონე პირებს უვლიან.
დიპლომატების, საჯარო მოხელეების, იურისტებისა და ექსპერტების გუნდი ორივე ქვეყნის სამთავრობო უწყებებიდან დაუღალავად მუშაობდნენ ბოლო თვეების განმავლობაში, რათა შერჩევის, ტრენინგისა და დასაქმების სისტემა ყოფილიყო სამართლიანი, ეფექტური და ქმედითი. მთლიანი პროცესის განხორციელება, მონიტორინგი და ზედამხედველობა იწარმოებს შესაბამისი სამთავრობო უწყებების მიერ, ორივე მხარის იურისდიქციასთან სრული შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელსაც ისრაელის ხელისუფლებამ მიმართა უცხოელი დამხმარე პერსონალის ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დასაქმების მიზნით. ეს ფაქტი ასახავს როგორც ღრმა მეგობრულ კავშირს ორ ერს, ასევე შესანიშნავ საქმიან ურთიერთობას ჩვენი ქვეყნების მთავრობებსა და საელჩოებს შორის.
ისრაელის საელჩოს სურს განსაკუთრებით აღნიშნოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამილა ბარკალაიასა და ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის (წინა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში) შეტანილი პირადი წვლილი“ - აცხადებენ ისრაელის საელჩოში.