15-04-2018
საქართველოს ხელისუფლების მიერ აფხაზებისა და ოსების მიმართ შეთავაზებული ინიციატივის შესახებ „ამერიკის ხმამ“ განსხვავებული მოსაზრებები ჩაწერა.
ჩვენთან საუბრისას GFSIS -ის მკვლევარი შოთა უტიაშვილი აცხადებს: „ეს ეკონომიკური ინიციატივა, ვფიქრობ, რომ კარგია საბოლოო ჯამში და ვფიქრობ, შესაძლებელია, დადებითი წვლილი შეიტანოს. პანაცეა, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ თუ ის ხელს შეუწყობს მხარეებს შორის ურთიერთობის აღდგენას, რატომაც არა. სიახლე ამ ყველაფერში ისაა, რამაც ასეთ წინადადებებს, ზოგადად, აზრი მისცა: ეს გახლავთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა. ვფიქრობ, დროულია საქართველოს ხელისუფლების წინადადებები. თუ დააწესებენ თავისუფალ ეკონომიკურ ზონას, ვთქვათ, ენგურთან და ამ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში დაარეგისტრირებენ აფხაზურ ფირმებს, ეს შესაძლებლობას მისცემს მათ რუსეთის გვერდის ავლით გაიტანონ პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე“.
ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზებისა და ოსების მიმართ საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ გაუჟღერებია შეთავაზებები და სამშვიდობო ინიციატივები, მათ შორის ყველა იმ ჩამოთვლილი მიმართულებით, რაც ამჯერადაც დაფიქსირდა.
„ამერიკის ხმამ“ გროგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ჩაწერა, რომლის მოსაზრებით, შეთავაზებები ძალიან კარგია, თუმცა მასში სიახლე ნაკლებადაა, განსაკუთრებულად კი ის აკრიტიკებს ოსებისა და აფხაზებისთვის ინიციატივების შეთავაზების ფორმას. „ორი მშვენიერი დოკუმენტი შეიქმნა, ნამდვილად. დიდი ხანია მოდიოდა ეს იდეები. ჩემს დროს იდეებად იყო და ქალბატონმა ციხელაშვილმა მშვენივრად დაასრულა პროცესი. მაგრამ სამწუხაროდ, როგორც წინა წინადადებებმა არ იმუშავა, ესეც არ იმუშავებს, რადგან ის ფორმა, რა ფორმითაც მათ შესახებ გაჟღერდა, შეფუთვა, ჩემი აზრით, ძალიან ჰგავს ნაციონალური მოძრაობის სტილს. ჩემი აზრით, ერთბაშად მოვკალით ძალიან ბევრი კარგი წინადადება. ღია პრეზენტაცია არ უნდა ყოფილიყო, ჩემი აზრით, რადგან ეს ყველაფერი ძალიან ჰყავს საერთაშორისო საზოგადოების თვალში საუკეთესოდ წარმოსაჩენად გადადგმულ ნაბიჯს, ისე, როგორც ეს სააკაშვილს უყვარდა. ანუ, ოსებსა და აფხაზებს კი არ ვეუბნებით, მსოფლიოს ვეუბნებით რას ვთავაზობთ აფხაზებსა და ოსებს“.
პაატა ზაქარეიშვილს საკუთარი არგუმენტის გასამყარებლად იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების ინიციატივა არ იმუშავებს პრაქტიკაში, მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელებული ჯანდაცვის პროგრამის მაგალითი მოჰყავს: „ჩვენ არ გაგვიცხადებია, რომ აფხაზებისა და ოსებისთვის განსაკუთრებულ პროექტს ვაკეთებთ, როდესაც ჯანდაცვის პროგრამა გავაკეთეთ. არადა ეს ასე ნამდვილად იყო. თავის მოწონების პოლიტიკა არ ყოფილა ჩვენი მხრიდან და ამიტომაც იმუშავა პროგრამამ. ეს, ნაციონალური მოძრაობის უხეში შეცდომა ახლა გადმოამღერეს, რატომღაც.“ „რატომ არ იმუშავა ნეიტრალური პასპორტების პროგრამამ?“ – კითხულობს პაატა ზაქარეიშვილი და თავადვე პასუხს სცემს ამ კითხვას: „რადგან მათ ურჩევნიათ საერთო ქართულ პროექტში იყონ ჩართულები, რაც საერთოა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ვთქვათ, ჩვეულებრივი ქართული პასპორტი აიღონ, ვიდრე მხოლოდ მათზე გათვლილ პროექტში აღმოჩნდნენ ჩართულები.“
რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ინიციატივები აფხაზებისა და ოსებისთვის, ამის თაობაზე გამოხმაურება ჯერ აფხაზური მხრიდან გაისმა.
დაურ კოვემ, აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მთავრობის ინიციატივა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე მორიგ კეკლუცობად შეაფასა და განაცხადა, რომ საქართველოს ერთადერთი წინადადება, რაც შეიძლება აფხაზების მიერ იყოს მოწონებული, აღიარება იქნება. მოგვიანებით დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყების პასუხიც გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამია:
„საქართველოს ხელისუფლება მიხვდა, რომ სამხედრო გზით უხლოეს მომავალში შეუძლებელი იქნება სამხრეთ ოსეთის „დაბრუნება“, ამიტომ გადაწყვიტეს ტაქტიკის შეცვლა. ეს მორიგი პიარ აქციაა მათი მხრიდან, რაც საერთაშორისო საზოგადოებაზეა გათვლილი. ისინი არა მხოლოდ ცდილობენ რეალური პრობლემის გვერდით გაწევას, არამედ ეწინააღმდეგებიან მის გადაჭრას, რაც შესაძლებელია ძალის არგამოყენების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერით, რესპუბლიკის დამოუკიდებლობისა და გენოციდის აღიარებით. მხოლოდ ამ სახის პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა შეუწყობდა ხელს დიალოგსა და თანამშრომლობას ჩვენს შორის. ეს უკანასკნელი სავსებით შესაძლებელია და დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკური ნებაზე“.