გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კალაძე: ხელისუფლების მიზანი ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაა

4-10-2020

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე სიღნაღში, გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღის და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით სონღულაშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სიღნაღი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია. აქედან ალაზნის ველი და კავკასიონის ქედები მთელი თავისი მშვენიერებით ძალიან ლამაზად გამოიყურება. ეს მხარე საქართველოს ისტორიისთვისაც უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამ მხარეში აღესრულა და დაკრძალულია წმინდა ნინო, საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელი და ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილი. როდესაც წმინდა ნინომ საქართველოში ქრისტიანობა შემოიტანა, მას მისი თმით შეკრული ვაზის ჯვარი ჰქონდა. სიმბოლურია, რომ წმინდა ნინომ ამ ჟესტით უძველესი ქართული კულტურის სიმბოლო, ვაზი და დღეს უკვე დასავლური ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი, ქრისტიანობა ერთმანეთს დაუკავშირა.

ჩვენი ხელისუფლების მიზანი ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაა, ევროპა კი ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული, ძლიერი ეკონომიკის მქონე ერთობაა, რომელიც მისი წევრი სახელმწიფოების თითოეულ მოქალაქეზე ზრუნავს. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, განვავითაროთ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ეკონომიკა და სრულფასოვნად დავუბრუნდეთ იმ სივრცეს, რომელშიც საქართველო ბუნებრივად იმყოფება.

ძლიერი სახელმწიფოს ფუნდამენტი ძლიერი ეკონომიკაა. წელს ერთ-ერთი საუკეთესო რთველი და უხვი მოსავალია, რაც ძალიან სასიხარულოა, ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მევენახეობისა და მეღვინეობის მხარდამჭერის პოლიტიკა სახელმწიფოს მხრიდან წარმატებით ხორციელდება. ამასთან, სიღნაღში უფრო და უფრო ვითარდება საოჯახო ტიპის სასტუმროები, ტურისტული მიზიდულობის წერტილები და კახური სუფრაც უცხოელი სტუმრებისთვის კიდევ უფრო ნაცნობი და ახლობელი ხდება. სამწუხაროდ, პანდემიამ ეს პროცესი შეაფერხა და როგორც მთელი მსოფლიო, ჩვენც ვებრძვით ამ უხილავ ვირუსს. დარწმუნებული ვარ, აქაც ერთიანი ძალისხმევით, თავდაუზოგავი შრომით შევძლევთ გამარჯვებას. მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ყველა ის მოთხოვნა, რასაც დარგის სპეციალისტები გვეუბნებიან.

ბოლო წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, შეიძლება ითქვას, ყველა მიმართულებით - განათლება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა. არ დარჩენილა დარგი, სადაც წინგადადგმული ნაბიჯები არ გვაქვს. თუმცა, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, გამოწვევები და ამ ყველაფერს ძალიან დიდი შრომა ჭირდება. რამდენიმე დღის წინ ჩვენ გვქონდა პროგრამის პრეზენტაცია, სადაც აღინიშნა თუ რა გაკეთდა ამ რვა წლის განმავლობაში, რაზე იყო ძირითადი აქცენტები, რა გამოწვევები გვაქვს დღეს და რა მიმართულებით მოგვიწევს მომდევნო 4 წლის განმავლობაში მუშაობა.

პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გახლავთ ის ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია მოაგვაროს ყველა პრობლემა და ღირსეულად უპასუხოს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე დგას. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, რომ შევქმნათ წარმატებული საქართველო.

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!" - განაცხადა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930