16-04-2018
რუსულმა პრესამ ყურადღება დაუთმო საქართველოში რუსული ტელეარხების გადაცემათა აკრძალვისა და საერთოდ, პრორუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ თემატიკას.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ გაზეთ «Комсомольская правда»-ში ედუარდ ჩესნოკოვის ავტორობით გამოქვეყნებულ მასალას.
რუსეთი 12 აპრილს კოსმონავტიკის დღეს აღნიშნავდა, საქართველოში კი დეპუტატმა სერგი კაპანაძემ პრესკონფერენცია გამართა და გულისწყრომა გამოხატა იმის გამო, რომ ქართულ საზოგადოებაში თურმე „მოსკოვფილური“ განწყობები და პრორუსული სიმპათიები მატულობსო. მან ადგილობრივი ქართული მასმედია დაამუნათა - „ზოგიერთები პრორუსულ პოლიტიკას ატარებენ, ბიუჯეტი კი მათ ფულით ეხმარება. შესაბამისად, ჩვენ პარლამენტს კრემლის პროპაგანდის წინააღმდეგ ზომებს შევთავაზებთო“.
პრინციპში, დეპუტატს ახალი არაფერი უთქვამს: „რუსული საინფორმაციო აგრესიის“ შესახებ ბრიფინგი 15 წუთში დასრულდა და კაცმა რომ თქვას, ადგილობრივ ქართულ მასმედიაშიც მაინცდამაინც აქტიურად არ გაშუქებულა. მით უმეტეს, რომ ბრიფინგის გამმართველი ვიღაც უბრალო მარგინალი დეპუტატი არ გეგონოთ - სერგი კაპანაძე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრე გახლავთ და საქართველოს ექს-მეთაურის მმართველობის დროს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი ჰქონდა დაკავებული. დღეს იგი პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერია, პლუს ეუთოს ევროპული უსაფრთხოების ჯგუფის წევრი. მართალია, ქართველმა ხალხმა დასავლეთისაკენ ლტოლვა ცოტა შეანელა, მაგრამ ფაქტია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით „ევროპულმა საქართველომ“ („ნაცმოძრაობასთან“ ერთად) თითქმის ხმების თითქმის 27% მოაგროვა.
მორიგი ანტირუსული გამოხტომისათვის შეიძლებოდა ყურადღება არც მიგვექცია - ბოლოსდაბოლოს, საქართველოს ლიბერალური ოპოზიცია მსგავს „საინფორმაციო საბაბს“ ყოველდღიურ რეჟიმში იგონებს, მაგრამ წინა დღით ამერიკულმა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Freedom House-მა გამოაქვეყნა ანგარიში მსოფლიოს ქვეყნებში „დემოკრატიის რეიტინგი“ შესახებ, სადაც საქართველოს შესახებაცაა საუბარი. მასში მინიშნებულია, რომ თუ საქართველოს მთავრობა გაბედავს და მიხეილ სააკაშვილს დააპატიმრებს, ოფიციალურ თბილისს პრობლემები შეექმნება ევროპასთან და აშშ-სთან ურთიერთობებში. როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდის და მეტად მწვავე განცხადებებს აკეთებს ხოლმე. ამრიგად, აშკარად ჩანს, რომ დასავლეთი და ქართული ლიბერალური ოპოზიცია სინქრონულად მუშაობენ, რომ თბილისი მოსკოვს კიდევ უფრო მეტად დააშორონ.
საერთოდ კი, საქართველოს თუ მართლაც ემუქრება ვიღაცისაგან რაღაც საფრთხე, მისი წყარო „მითიური რუსული პროპაგანდა“ კი არაა, არამედ საკუთარი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. გარდა ამისა, ბოლო დროს ქვეყანაში სიტუაცია გამწვავდა მრავალრიცხოვან მიგრანტებთან მიმართებით, მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, ხდება ინციდენტებიც... ქართველი აქტივისტები აღშფოთებულნი არიან იმითაც, რომ დედაქალაქის ცენტრში კაფე-მაღაზიების აბრებზე წარწერები მხოლოდ უცხოურ (არაბულ) ენებზეა.