8-10-2020
მინდა მოვუწოდო ყველას, არ მოვახდინოთ საკითხის პოლიტიზირება, ეს არის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ უნდა გაკეთდეს საბოლოო დასკვნები.
„უნდა გამოვეხმაურო პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას, რამეთუ როგორც ხედავთ, არ წყდება მცდელობა საკითხის პოლიტიზირების, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ გამოძიება უნდა დასრულდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გავაკეთოთ ჩვენ საბოლოო დასკვნები. საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სახის პოლიტიზირება და პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით უბრალოდ დამაზიანებელია ქვეყნისთვის, ამიტომ არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ეს ასე გაგრძელდება, ნებისმიერ შემთხვევაში. სწორედ ამიტომ ვერც გამოძიების დაწყების ფაქტი, რომელიც სრულად საქართველოს საშინაო საქმეა და ვერც გამოძიების შედეგად ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომლებიც ჩვენ უკვე გავუზიარეთ ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს ვერ დააზიანებს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, ეს არის ხაზგასმით აღსანიშნავი. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, არ მოვახდინოთ საკითხის პოლიტიზირება, ეს არის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.