8-10-2020
„აზერბაიჯანი იყო, არის და რჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ, უაღრესად ახლო მეზობელ და მეგობარ ქვეყანად; დემარკაცია-დემილიტაციის კომისიის პროცესის ფარგლებში, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე ვერანაირი საგამოძიებო პროცესი და ახლად აღმოჩენილი გარემოებები ვერ მოახდენს გავლენას” , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტისას შედგა საგნობრივი, შინაარსობრივი საუბარი დემარკაცია-დემილიტაციის პროცესთან დაკავშირებით, კერძოდ, დავით გარეჯთან მიმართებაში, რადგან აღნიშნული წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და სენსიტიურ თემას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში.
„ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ იმ ახლადაღმოჩენილ გარემოებებთან დაკავშირებით, რაც არის გამოწვეული ახალი მასალების მოძიებით, კერძოდ, ახალი კარტოგრაფიული მასალები მაქვს მხედველობაში, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების დასკვნა.
შევთანხმდით, რომ აუცილებელია საგნობრივი მუშაობის გაგრძელება კომისიის ფარგლებში, რათა კომისიამ ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს ისეთი შეთანხმება, რომელიც იქნება მისაღები, როგორც საქართველოსთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის“ , - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
მინისტრის განცხადებით, ოპონენტების მხრიდან, აღნიშნული საკითხის პოლიტიზირება და, ასევე,- აზერბაიჯანისა და სომხეთს შორის მიმდინარე ესკალაციასთან უსაფუძვლო ბმა ხდება:
„შეხვედრა შედგა 24 სექტემბერს, ეს არის ის პერიოდი, როდესაც არანაირი დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არ მიმდინარეობდა - ეს პროცესი 27 სექტემბერს დაიწყო. ეს არის საკითხის უპასუხისმგებლო პოლიტიზირების მცდელობა ოპონენტების მხრიდან. გარწმუნებთ, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობას მეზობელ აზერბაიჯანთან, არანაირი ჩრდილი არ მიადგება, ეს რომ ასეა, ამას ადასტურებს აზერბაიჯანელი კოლეგების გამოხმაურებები, მათ შორის, პრეზიდენტის მრჩევლისა. ეს არის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხი და ყველას მოვუწოდებ, რომ ნუ ეცდებიან საკითხის პოლიტიზირებას. კომისიას ერთი დღეც არ დაუკარგავს, რომ მოეპოვებინა ჩვენი პოზიციის გასამყარებელი დოკუმენტაცია და მტკიცებულებები, რომლებიც, სამწუხაროდ, არ იყო გამოყენებული წინა კომისიის შემადგენლობების მხრიდან. ვფიქრობ, საჭიროა რომ კომისიამ მუშაობა განაახლოს ამ ახლად აღმოჩენილ გარემოებებთან დაკავშირებით და ახლადაღმოჩენილ საექსპერტო დასკვნებზე დაფუძნებით, რომელიც მნიშვნელოვნად ამყარებს საქართველოს პოზიციებს“ , – განაცხადა დავით ზალკალიანმა.