8-10-2020
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ“ – გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი და პროცედურული მხარეების დარღვევა მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.
კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ეკატერინე აღდგომელაშვილის (პირველი მომჩივანი) – საქართველოში ლგბტ თემის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი „ინკლუზივის“ თანადამფუძნებლისა და თინათინ ჯაფარიძის (მეორე მომჩივანი) – აღნიშნული ორგანიზაციის თანამშრომლის, კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) საფუძველზე, ცალკე და კონვენციის მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) ერთობლიობაში, დავის საგანს წარმოადგენდა მათ მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობა 2009 წელს ორგანიზაციის ოფისში ჩატარებული ჩხრეკის გამო და ამასთან დაკავშირებით ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობა.
საქმის გარემოებების თანახმად, 2009 წლის 15 დეკემბერს ორგანიზაციის ოფისში, სადაც მიმდინარეობდა მზადება გამოფენისთვის, უნიფორმის გარეშე მისულმა 17-მდე პოლიციელმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაიწყო ჩხრეკა. პოლიცია არ ფლობდა ინფორმაციას, თუ რას ემსახურებოდა ორგანიზაცია, ხოლო ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ შეტყობისთანავე გახდნენ განსაკუთრებით აგრესიულები. ერთ-ერთმა პოლიციელმა პირველ მომჩივანს ტელეფონი ჩამოართვა. პოლიციელები მათ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ; იმუქრებოდნენ, რომ გადაწვავდნენ იქაურობას და საჯაროდ გაამჟღავნებდნენ ინფორმაციას იქ მყოფთა სექსუალური ორიენტაციის შესახებ.
ქალმა პოლიციელებმა იქ მყოფი თითქმის ყველა ქალი, მათ შორის, მომჩივნები, გაჩხრიკეს გაშიშვლებულები, რის თაობაზეც არ შეუდგენიათ ჩხრეკის ოქმი. ქალები მიიჩნევდნენ, რომ ამგვარი ჩხრეკა მიმართული იყო მათი დამცირებისაკენ, ვინაიდან პოლიციელებს არ გაუჩხრეკიათ მათი ტანსაცმელი.
2010 წლის იანვარში მომჩივნებმა მთავარ პროკურატურას, თბილისის პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართეს პოლიციის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მომჩივნები არ ყოფილან ჩართული გამოძიების პროცესში, მათთვის არ მიუნიჭებიათ დაზარალებულის სტატუსი და გამოძიებას შედეგი არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოძიების გაჭიანურებამ გამოავლინა სახელმწიფოს უმოქმედობა, რაც, ასევე, შეიძლება მიჩნეულ იქნეს როგორც სურვილი, რომ არ იქნეს გამოძიებული ჰომოფობიურ ან/და ტრანსფობიურ მოტივებზე პოლიციის მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულები.
ამდენად, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილი მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.
მე-3 მუხლის არსებით ნაწილთან მიმართებით ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ორგანიზაციის ოფისის ჩხრეკის დროს პოლიციელთა ქმედებები, რაც მოტივირებული იყო ჰომოფობიური ან/და ტრანსფობიური დამოკიდებულებით, იყო არასათანადო. პოლიციელები არა მხოლოდ სიძულვილის ენის გამოყენებით აყენებდნენ შეურაცხყოფას მომჩივნებს, არამედ ემუქრებოდნენ მათ. განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ პოლიციელებმა მომჩივნები შიშველ მდგომარეობაში გაჩხრიკეს, რაც არც თავად პოლიციის და არც სახელმწიფოს მხრიდან არ იქნა დასაბუთებული.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლიციის ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა მომჩივანთა შერცხვენა და დასჯა ლგბტ თემთან კავშირის გამო. პოლიციის ქმედებებმა მომჩივნებში გამოიწვია შიში, ტანჯვა და დაუცველობის შეგრძნება, რაც შეუსაბამო იყო მათი ღირსების პატივისცემასთან. აქედან გამომდინარე, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მე-3 მუხლის არსებითი მხარის დარღვევა მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.
ევროპულმა სასამართლომ სამართლიანი დაკმაყოფილების სახით თითოეულ მომჩივანს 2,000 ევრო მიაკუთვნა, ხოლო მათი საჩივარი კონვენციის მე-8 მუხლისა და მე-12 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის ფარგლებში აღარ განიხილა.