16-04-2018
საქართველოს ხელისუფლებას აფხაზებისა და ოსებისთვის სპეციალური შეთავაზებები აქვს. „ძალიან კარგი და სასარგებლო ინიციატივები“ – ასე შეფასდა წინადებების პაკეტი საქართველოში როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან. აფხაზურმა და ოსურმა მხარემ კი განაცხადა, რომ ეს თვითრეკლამისთვის გარჯაა საქართველოს მთავრობის მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ და ერთადერთი, რას მათთვის რელევანტური და მოსაწონი ქმედება იქნება ოფიციალური თბილისისგან, ეს არის მათი - როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკების - აღიარება და ცნობა.
საქართველოს ხელისუფლების ინიციატივები, რაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრომ გააჟღერა, მოსაწონი აღმოჩნდა უწყების ყოფილი ხელმძღვანელისთვისაც, თუმცა მისი შეფასებით, ინიციატივები არ იმუშავებს, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ ისინი „მეტისმეტად გააპიარა“.
პაატა ზაქარეიშვილმა აგვარი შეფასება „ამერიკის ხმასთან“ გააკეთა და ისიც დასძინა, რომ აფხაზებთან და ოსებთან უხმაურო თანამშრომლობა შესაძლებელია, რომლის მაგალითი ჯანდაცვის პროგრამაა, გახმაურებული საქმე კი ჩავარდნისთვისაა განწირული. მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ამერიკის ხმასთან საუბრისას აცხადებს, რომ ინიციატივები პიარისთვის არ გაჟღერებულა, არამედ იმისთვის, რომ ისინი უბრალოდ გასაჯაროებულიყო. გარდა ამისა, შეუძლებელია რაიმე დამალო, როდესაც ამისთვის საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება გჭირდება და საკითხი პარლამენტში უნდა გაიტანო.
კონკრეტულად რას გულისხმობს საქართველოს მთავრობის ინიციატივა და რატომ შეიძლება ის აღმოჩნდეს მიმზიდველი აფხაზებისა და ოსებისთვის, ქეთევან ციხელაშვილმა ჩვენთან საუბრისას კონკრეტული მაგალითები მოიყვანა: ადამიანებს აფხაზეთში, ვინც თევზჭერით არიან დაკავებულები, შესაძლებლობა აქვთ გასაღების ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებში მოიძიონ. DCFTA ასეთ შესაძლებლობებს ლეგალურად იძლევა, რომელთა გამოყენება აფხაზებისთვისაც შეიძლება, ისევე როგორც თურქეთთან სავაჭრო კავშირების გაბმა. „რაც შეეხება ფინანსურ და ეკონომიკურ საქმიანობას, რაც დაკავშირებულია ვაჭრობასთან, აქ მოიაზრება ფინანსური ინსტრუმენტებიც, რომელიც, როგორც ერთობლივ, ისე ინდივიდუალურ პროექტზე იმუშავებს. მათ შორის ინდივიდუალურ პროექტებზე, რაც შეიძლება განხორციელდეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გამყოფ ხაზებზე ვაჭრობის მიზნით.ჩვენი მთავარი ამოცანაა შეიქმნას კონსტრუქციული, მისაღები და დეპოლიტიზირებული პლატფორმა იმისთვის, რომ განვითარდეს ურთიერთობები და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომელობა“, - ამბობს ქეთევან ციხელაშვილი.
ახალი ინიციატივა ახალ შესაძლებლობებს ქმნის განათლების მიღებისთვის როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. დოკუმენტებში ვხვდებით კიდევ ერთ სიახლეს, რაც „პირადი ნომრით“ რეგისტრაციის შესაძლებლობას ქმნის. სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ეს პირადი ნომერი არ ნიშნავს არც მოქალაქეობას, არც აღიარებას, არც სტატუს–ნეიტრალური პასპორტის აღებას.
პირადი ნომრით მოქალაქეს მთელი რიგი პროცედურების განხორციელება შეუძლია როგორც ვაჭრობის, ისე განათლების მიღების თვალსაზრისით: „მანამ, სანამ ამ ინიციატივებს საკანონმდებლო ცვლილებების სახე მიეცემოდა ძალიან ბევრი კონსულტაცია გვქონდა დახურულ რეჟიმში, მათ შორის სპეციალისტებთან, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებთან, მათთან, ვინც უნდა მიიღოს სარგებელი ამ ინიციატივებით და საერთაშორისო პარტნიორებთან. მე ვფიქრობ, ამ პროექტებს აქვს რეალურად ამუვაჭრობის სექტორში, მაგალითად, საუბარია ვაჭრობაზე გამყოფი ხაზების გასწვრივ. შავების პერსპექტივა.“
ქეთევან ციხელაშვილი ჩვენთან ამბობს, რომ წარმოდგენილი ინიციატივები კავშირში არაა არც 2011 წლის რუსეთთან შეთანხმებასთან, რომლის ამოქმედებაც წლებია იწელება და არც ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატთან.
ყველაზე დიდი რისკი, რაც საქართველოს ხელისუფლების ინიციატივას შეიძლება ჰქონდეს, ეს რუსული სიურპრიზებია. რუსეთი ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ პროექტებს აფხაზებთან და ოსებთან რომ არ მიესალმება ეს იმითაც ჩანს, რომ ის თანდათანობით ამცირებს ეგრეთ წოდებული გადასასვლელი პუნქტების რაოდენობას და ავლებს მავთულხლართს ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ საზღვარზე.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს ხელისუფლების მიერ აფხაზი და ოსი პაციენტების სამკურნალოდ 2014–2017 წლებში, დაახლოებით 17 მილიონი ლარია გახარჯული. საქართველო ასევე ფარავს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. უნდა გამოვიდეს თუ არა საჯაროდ და იქცეს მსჯელობის საგნად ფინანსური საკითხი, რასაც საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით იხდის, საკამათოა. ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ უმჯობესია, თუ ამ მიმართულებით აქცენტები არ დაისმება და არც ზედმიწევნითი ინფორმაცია გაჟღერდება.