გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: რა თქმა უნდა, 31 ოქტომბერს ჩვენ გავიმარჯვებთ

9-10-2020

რაჭველებს საქართველომ მადლობა უნდა გითხრათ მთის შენარჩუნებისთვის - ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამბროლაურში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტის პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გოჩა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა.
როგორც პრემიერ - მინისტრმა აღნიშნა, ვიდრე საქართველოს პარლამენტი მთის კანონს მიიღებდა, მთაში მცხოვრებ მოსახლეობას დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა იმისათვის, რომ მამაპაპისეული ფუძე არ მიეტოვებინა.

„პირველ რიგში, რაჭველებს საქართველომ მადლობა უნდა გითხრათ მთის შენარჩუნებისთვის - ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს მთაში და რაჭაშიც, მიგრაცია ყოველთვის ყველაზე დიდი პრობლემა იყო. ყველას კარგად გვესმის, რომ სანამ საქართველოს პარლამენტი მთის კანონს მიიღებდა, რა ძალისხმევა გჭირდებოდათ, რომ მამაპაპისეული ფუძე არ მიგეტოვებინათ, სანამ ამბროლაურში აეროპორტი გაჩნდებოდა, სანამ დასრულდება ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, სანამ ელემენტარული საბაზისო ინფრასტრუქტურა შეიქმნება, რომელიც რაჭველ ადამიანს შესაძლებლობას მისცემს, დანარჩენ საქართველოს თანამედროვე გზებით, მარტივად დაუკავშირდეს; ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ძალიან რთული იყო.

საბაზისო ინფრასტრუქტურაზე: გზები, გაზი წყალი, სკოლები, საავადმყოფოები, ვსაუბრობთ იმიტომ, რომ მთაში, ამბროლაურში, ონში, ადამიანს ჰქონდეს ზუსტად იგივე ცხოვრების პირობები, როგორიც ექნება თბილისში, რომ ახალგაზრდას არ ჰქონდეს აუცილებლობა, რომ მოსწყდეს თავის კუთხეს. რა თქმა უნდა, ვისაც ეს უნდა, თორემ განათლების მისაღებად თბილისშიც უნდა წავიდეთ, ევროპაშიც, ამერიკაშიც და მთელი მსოფლიო უნდა მოვიაროთ, უნდა მივიღოთ საუკეთესო განათლება, რომ დავუბრუნდეთ ჩვენს კუთხეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერ - მინისტრმა აღნიშნა, ადამიანზე, თითოეულ უნიკალურ კუთხეზე ზრუნვა მმართველი გუნდის ძირითადი ამოცანაა.

„ადამიანზე ზრუნვა, ჩვენს მიწაზე, ჩვენს თითოეულ უნიკალურ კუთხეზე ზრუნვა არის ჩვენი ძირითადი ამოცანა. ამიტომ ვამბობთ , რომ ზოგიერთებისგან განსხვავებით, რომლებიც სოფლის მეურნეობას ამბროლაურში კი არა, არამედ კახეთში , ქვემო და შიდა ქართლშიც აღარ აქცევდნენ ყურადღებას, ჩვენი მთავარი ამოცანა ამ კუთხეებზე ზრუნვაა. დღეს ყველანი ვხედავთ, რამდენი ახალი ვენახი ირგვება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადამიანს შეეძლოს, ღირსეულად თავის კუთხეში, იქ, სადაც ცხოვრობს, თვითრეალიზების შესაძლებლობა ჰქონდეს, ღირსეულად იშრომოს და არჩინოს თავისი ოჯახი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველა ის პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო ეხმარება ქართველ გლეხს, ემსახურება იმას, რომ გლეხმა აიღოს პასუხისმგებლობა, დაიწყოს ბიზნესი და გახდეს ძლიერი ფერმერი.
„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა ის პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო ეხმარება ქართველ გლეხს, ემსახურება იმას, რომ აიღოს პასუხისმგებლობა, გადადგას რთული ნაბიჯი, გახდეს ძლიერი ფერმერი, დაიწყოს ბიზნესი, უმასპინძლოს ტურისტს. მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე ხნის წინ ამბროლაურში გავხსენით ერთ-ერთი პროგრამა - „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“, რომელმაც ელემენტარულად თქვენ მოგცათ შესაძლებლობა, რომ თბილისში აღარ ჩახვიდეთ, მიხვიდეთ იუსტიციის სახლში და იქ მომზადებულმა ამბროლაურელებმა მოგიყვნენ, რა პროგრამებში შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ვაკეთებთ და ერთად უნდა გავაკეთოთ, ეს კუთხე დღეს სულ სხვა არის იმასთან შედარებით, რაც იყო 5 და 10 წლის უკან, ამას ტურისტებიც ხედავენ, ჩვენც ვხედავთ და თქვენც ხედავთ. ეს უნდა გაგრძელდეს, ეს თანმიმდევრული გეგმის მიხედვით მუშაობა უნდა გაგრძელდეს, იმისთვის, რომ ყოველი წელი იყოს კიდევ უფრო წარმატებული და ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში რეგიონის, ამბროლაურის, რაჭის წარმატებისთვის და სრულიად საქართველოს წარმატებისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მმართველ გუნდს მოქალაქეების ძლიერი მხარდაჭერა აქვს და პირველ ტურში, თანასწორ და სამართლიან ბრძოლაში გაიმარჯვებს.

„ბოლოს მინდა გითხრათ, რომ 31 ოქტომბერს, რა თქმა უნდა, ჩვენ გავიმარჯვებთ. რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ პირველ ტურში და რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ თანასწორ და სამართლიან ბრძოლაში. ჩვენ იმდენად ძლიერი მხარდაჭერა გვაქვს დღეს ჩვენი მოქალაქეების, რომ ერთადერთი რასაც უნდა გავუფრთხილდეთ პირელ რიგში ეს არის ღირსეული და სამართლიანი გამარჯვება, ამიტომ არ უნდა წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციებს. ყველაზე კარგად რაც უნდა გავაკეთოთ ფრთხილად, ღირსებით და მშვიდად უნდა დავიცვათ ის გამარჯვება, რომელსაც ჩვენ მივაღწევთ 31 ოქტომბერს და ბოლოს, რაჭველებო, სამართლიან ბრძოლაში ღირსეულ გამარჯვებას გისურვებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930