9-10-2020
პოლიტიკური გაერთიანება „ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე, ონში საკუთარი კანდიდატურის მოსახლეობისთვის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა.
გოჩა ენუქიძის გამოსვლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ჩემო რაჭველებო - ჩემი გამოსვლა მადლობით მინდა დავიწყო - უამრავი კეთილი საქმისთვის, რომელიც ჩვენი რეგიონის სიყვარულით, წლების განმავლობაში ერთად ვაკეთეთ. მინდა მადლობა გადავუხადო „ქართულ ოცნების გუნდს“, რომელმაც გამომიცხადა ნდობა და ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატად წარმადგინა.
ჩემთვის პატივია ისევ ვიდგე თქვენ წინაშე და გარწმუნებთ, რომ ამ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხებ.
ჩვენს გუნდთან ერთად რეგიონში არსებული პრობლემების გადაჭრაზე ვზრუნავდი. ახლაც თქვენს გვერდით ვდგავარ იმ განწყობით, რომ კვლავ ერთად შევცვლით ჩვენს მომავალს.
მინდა აღვნიშნო, რომ მთიან რეგიონებზე ზრუნვა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტია.
ჩვენთვის მთავარი მიზანი მაღალმთიანი რეგიონების მხარდაჭერაა. სწორედ ამას ემსახურება მთის კანონი, რომლის ერთ-ერთი თანაავტორი მეც ვარ კანონის, რომელმაც მრავალი სიკეთე და შეღავათი მოუტანა მთის მოსახლეობას.
ჩვენი მხარის მთავარ გამოწვევად რჩება მიგრაციული პროცესები, რომლის შეჩერებაც შესაძლებელია ეკონომიკური საქმიანობით, სამეწარმეო გარემოს გაჯანსაღებით და მოსახლეობის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით.
ამიტომ, ონისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს რაჭა-იმერეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობას, რომელიც საგრძნობლად ამცირებს მგზავრობის მანძილსა და დროს. პროექტი სრულიად ახალ პოტენციალს სძენს ჩვენს რეგიონს, რომლის ღირებულებაც 100 მილიონ ლარზე მეტია და მომავალ წელს, 2021 წელს დასრულდება მისი მშენებლობა.
ონში ამჟამად მიმდინარეობს და დაგეგმილია მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, შეაჩერებს მიგრაციულ პროცესებს და მთას დაუბრუნებს სიცოცხლეს.
ონის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად ხორციელდება გაზიფიცირება და არ შემიძლია განსაკუთრებული მადლობა არ ვუთხრა კახი კალაძეს - მისი ენერგეტიკის მინისტრობის დროს , მისი ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა და დღეს უკვე ჩვენ ინტენსიურად ვაწარმოებთ გაზიფიცირებას სოფლებში. მარტო წელს 8 ახალი სოფელი დაემატა და გაზიფიცირდა.
მიმდინარეობს რაჭის მხარეთცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა, რომელზეც 6 მლნ ლარამდე დაიხარჯება.
სოფელ ღების ისტორიული უბნის აღსადგენად გათვალისწინებულია 2 მილიონ ლარზე მეტი.
ბერშევას სახელობის პარკის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, რომელზეც ასევე დაიხარჯება 2.5 მილიონი ლარი.
ჩვენი ხელისუფლება წლებია, ახორციელებს მნიშვნელოვან საგრანტო-სამეწარმეო პროგრამებს, რომლის დახმარებითაც რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მხარეში შეიქმნა არაერთი წარმატებული ბიზნეს პრეცედენტი და გაჩნდა მრავალი სამუშაო ადგილი.
აქვე უნდა აღინიშნოს სახელმწიფოს სწრაფი და ეფექტური ქმედებები 29 ივლისის სტიქიის მართვის პროცესში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი და თითოეული ონელის სახელით, პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას და ყველა იმ უწყების ხელმძღვანელს, რომლებმაც კოორდინირებულად უმოკლეს ვადაში მოახდინეს სტიქიის ლიკვიდაცია. ამჟამად დაწყებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელზეც დაახლოებით 50 მილიონი ლარი დაიხარჯება“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.