9-10-2020
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, დღეს ჩვენ იმდენად დარწმუნებულნი ვართ ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერაში, რომ ჩვენი მთავარი მიზანია, არავის მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ პროვოკაციებით ელემენტარული ზიანი მაინც მიაყენოს 31 ოქტომბერს ჩვენს გამარჯვებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ლენტეხში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერი ამ შეფასებით გამოეხმაურა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელიც გუშინ გავრცელდა.
„მთავარი არის ის, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო, სადაც არ ექნება ადამიანისთვის მნიშვნელობა, ლენტეხში ცხოვრობს, თბილისში, ცაგერში, რუსთავში თუ ბათუმში, ყველგან თანაბარი პირობები ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცებისთვის, ყველასთვის და ეს უნდა იყოს ძირითადი მიზანი. რა თქმა უნდა, ამას შეიძლება დასჭირდეს დრო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ პროგრესი, რომელსაც ჩვენ ვაჩვენებთ, არის აშკარა და არის ფაქტი, რომელსაც ეთანხმება ყველა. თუმცა, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მომავალი არის ყველაზე დიდი მიზანი და ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იყოს უფრო ეფექტური. ყველას მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ მძიმე გლობალური პანდემიის პირობებში ვცხოვრობთ და მიუხედავად იმისა, რომ ლენტეხი კარგად უმკლავდება ეპიდემიას და შეიძლება ითქვას, რომ მწვანე მუნიციპალიტეტია, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში გვაქვს ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა. ამას ერთად უნდა გავუმკლავდეთ, უნდა მივიღოთ სერიოზულად, უნდა გავითვალისწინოთ ის რჩევები, რასაც ექიმები გვაძლევენ და წყნარად, მშვიდად უნდა მივიდეთ არჩევნების დღემდე. რაც მთავარია, არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი და ღირსეულად უნდა გავიმარჯვოთ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, დღეს ჩვენ იმდენად დარწმუნებული ვართ ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერაში, რომ ჩვენი მთავარი მიზანია, არავის მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ პროვოკაციებით ელემენტარული ზიანი მაინც მიაყენოს 31 ოქტომბერს ჩვენს გამარჯვებას. ამიტომ, ყველამ ერთად უნდა მოვითმინოთ, ღირსეულად გადავიტანოთ ეს დღე და ღირსეულად გავიმარჯვოთ. გამარჯვებას გისურვებთ!“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პრემიერ - მინისტრმა საუბრისას ასევე ყურადღება გაამახვილა მთის კანონზე და ხაზი გაუსვა, რომ მთის მიგრაცია დღეს ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემაა.
„დღეს, აქ, თქვენთან ყოფნა უდიდესი პატივია, მაგრამ ყველაზე მთავარია ხვალინდელ დღეზე საუბარი, იმ გეგმებზე, რომლებიც ჩვენ ერთად უნდა განვახორციელოთ და რომლებმაც უნდა გამოაცოცხლოს ქართული მთა. საქართველოს 70 პროცენტამდე არის მთის რეგიონები. მთა უნდა იყოს საქართველოს სიძლიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი. პირველ რიგში, საქართველოს მთავრობამ, ჩვენ, ყველამ მადლობა უნდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ თქვენ მთას ინარჩუნებთ. მთის მიგრაცია, დღეს, ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემაა და სწორედ ამიტომ იყო მიღებული ის კანონი, რომელსაც მთის კანონი ჰქვია, რომელიც ქმნის ელემენტარულ პირობებს იმისთვის, რომ ადამიანებს მთაში და მთიან მუნიციპალიტეტებში ნორმალური ცხოვრების პირობები შეუქმნას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს და ეს ყველაფერი გაგრძელდება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიას თქმით, ამ კანონის უპირატესობების გარდა, არის ელემენტარული საბაზისო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მთავრობამ უნდა უზრუნველყოს - გაზი, გზა, წყალი, საბავშვო ბაღები, სკოლები, ნორმალური ჯანდაცვა.
„ამ მიმართულებით, ჩვენ, ყველგან გვაქვს სერიოზული პროგრესი. პირველ რიგში, მინდა გზებზე გავამახვილო ყურადღება და თქვენ იცით, რომ ქუთაისი- წყალტუბო- ცაგერი- ლენტეხის გზა, რომელიც უმნიშვნელოვანესია და რომლის რეაბილიტაციაც ახლა მიმდინარეობს, უახლოეს პერიოდში დამთავრდება და უბრალოდ, ფიზიკური წვდომის საშუალების უფრო მეტ შესაძლებლობებს მოგცემთ. ყველას კარგად გვესმის და ვიცით, რომ ლენტეხის 24 საათიანი წყალმომარაგება ჯერ კიდევ პრობლემაა და მუნიციპალიტეტში წყალი არის გრაფიკით, თუმცა მინდა გითხრათ, რომ პროექტი უკვე შექმნილია, უახლოეს პერიოდში მუშაობა დაიწყება და წელიწადი, წელიწად ნახევარი დასჭირდება იმას, რომ მუნიციპალიტეტში სრულად იყოს წყალი, 24 საათიანი მომარაგებით და ა.შ. ყველაფერ ამას ჩვენ გავაკეთებთ ერთად“, - განაცხადა პრემიერ - მინისტრმა.