11-10-2020
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე მესტიაში, მისი კანდიდატურის მოსახლეობასთან წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ჩემო სვანებო, მადლობა უამრავი კეთილი საქმისთვის, რომელიც ჩვენი რეგიონის სიყვარულით წლების განმავლობაში ერთად გავაკეთეთ. მადლობა „ქართული ოცნების“ გუნდს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარმადგინა. ჩემს გუნდთან ერთად ვზრუნავდი რეგიონში არსებული პრობლემების გადაჭრაზე. ახლაც, აქ, თქვენს წინაშე ვარ განწყობით, რომ კვლავაც ერთად შევცვლით ჩვენს მომავალს.
მინდა ავღნიშნო, რომ მთიან რეგიონებზე ზრუნვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრიორიტეტია. მაქსიმალურად ვიზრუნებ, რომ მესტიაში გაგრძელდეს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც კიდევ უფრო გაზრდის მხარის ტურისტულ პოტენციალს. უნდა მოვაწესრიგოთ მიწის საკუთრებისა და რეგისტრაციის პროცესი. კიდევ უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ კულტურული ძეგლების დაცვასა და რეაბილიტაციას. ჩვენთვის მთავარი მიზანი, მაღალმთიანი რეგიონების მხარდაჭერაა და სწორედ ამას ემსახურება მთის კანონი, რომლის ერთ-ერთი ავტორი თავად ვარ - კანონის, რომელმაც მრავალი სიკეთე და შეღავათი მოუტანა მთის მოსახლეობას.
ჩვენი მხარის მთავარ გამოწვევად რჩება მიგრაციული პროცესები, რომლის შეჩერებაც შესაძლებელია ეკონომიკური საქმიანობით, სამეწარმეო გარემოს გაჯანსაღებით და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით. მესტიისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ზემო და ქვემო სვანეთის გზის მშენებლობას, რომელიც დააკავშირებს ორ მუნიციპალიტეტს და კიდევ უფრო გაზრდის მათ შორის ტურისტულ პოტენციალს.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარეობს სასმელი წყლის გზების ინფრასტრუქტურული მშენებლობის პროცესი. ჩვენი ხელისუფლება წლებია ახორციელებს მნიშვნელოვან საგრანტო სამეწარმეო პროგრამებს, რომლის დამხარებითაც შეიქმნა არა ერთი წარმატებული ბიზნეს -პრეცენდენტი, გაჩნდა მრავალი სამუშაო ადგილი მესტიის განვითარებისთვის. ჩემს გუნდთან, „ქართული ოცნებასთან“ ერთად ბევრ კარგ, კეთილ და ღირსეულ საქმეს გავაკეთებთ თქვენთვის, ჩვენი რეგიონისა და საქართველოს წარმატებისთვის. მადლობა ნდობისა და მხარდაჭერისთვის, ერთად საქართველოს წარმატებისთვის" - განაცხადა ენუქიძემ.