გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ნაცმოძრაობას სიცრუეში ადანაშაულებს

12-10-2020

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო „ნაციონალურმა მოძრაობასა“ და მათთან ასოცირებულმა პირებს სააგენტოს მონაცემთა ბაზების გარშემო სხვადასხვა ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„არჩევნების მოახლოებასთან ერთად, როგორც ყოველი არჩევნებისას, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მათთან ასოცირებულმა პირებმა ახლაც დაიწყეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზების გარშემო სხვადასხვა ცრუ ინფორმაციის გავრცელება. აღნიშნულის მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და იუსტიციის სამინისტროს მიერ მონაცემთა ერთიანი ბაზის დახვეწის კუთხით 2013 წლიდან ჩატარებული მასშტაბური სამუშაოების დაკნინებაა.

გუშინ, 11 ოქტომბერს, ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ მისი ძმის, ვასილ ბიბილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის საკუთრებაში უცხო პირები არიან რეგისტრირებულები. ვასილ ბიბილაშვილმა მიმდინარე წლის 11 სექტემბერს მოგვმართა განცხადებით და მისთვის შესანიშნავად არის ცნობილი, რომ მისი ოჯახის წევრები რეგისტრირებულნი არიან ჭავჭავაძის N80-ში, სამი „უცხო“ პირი კი - ჭავჭავაძის ქუჩა N80ბ-ში.

რაც შეეხება ზაზა ბიბილაშვილის ყოფილი მეუღლის საკუთრებაში თითქოსდა უცხო პირთა რეგისტრაციას, აღნიშნული წარმოადგენს დეზინფორმაციას, რადგან ეველინ-ელისაბედ ბიბილაშვილის სახელზე არ ირიცხება საკუთრება, შესაბამისად, არარსებულ ფართში ვერ იქნებიან რეგისტრირებულები უცხო პირები.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მისამართზე რეგისტრაციის საკითხზე დამატებით განმარტავს, რომ 2020 წლის 16 ივლისს, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში შევიდა ცვლილება. ცვლილებების მიზანი მისამართზე რეგისტრაციის პროცესის ზუსტად და ობიექტურად განხორციელებაა. ცვლილებების თანახმად, დაზუსტდა საცხოვრებელი ადგილისა და მისამართის ცნება, რომელზეც შესაძლებელია განხორციელდეს პირის რეგისტრაცია.

ცვლილების შედეგად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახურები, რეგისტრაციის საქმისწარმოების ფარგლებში, დამატებით იკვლევენ საცხოვრებელ მისამართთან დაკავშირებულ სხვადასხვა დოკუმენტაციას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში ათვალიერებენ საცხოვრებელ ადგილს, რათა გამოირიცხოს პირის მიერ ისეთ მისამართზე რეგისტრაცია, რომელიც არ წარმოადგენს მის რეალურ საცხოვრებელ ადგილს. აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით, თბილისის მასშტაბით განხორციელდა 1000-ზემეტი საცხოვრებელი ადგილის დათვალიერება.

ვფიქრობთ, რომ სწორედ ახალმა რეგულაციებმა გამოიწვია ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის გულისწყრომა, რადგან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ რეგისტრაციის წესების მაქსიმალურად მოწესრიგების პროცესის გამო შეუძლებელი გახდა პოლიტიკური პარტიების მხრიდან საარჩევნო მიზნებისთვის საკუთარი ამომრჩევლის სასურველ მისამართებზე რეგისტრაციის მცდელობით მანიპულირება.

2013 წლიდან მოყოლებული, იუსტიციის სამინისტროში კომპლექსური ღონისძიებები ტარდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზების დახვეწის მიზნით. მათ შორის, სააგენტომ ამავე წლიდან დაიწყო პროექტი „საარჩევნო სიების სრულყოფა“.
მას შემდეგ, საარჩევნო სიების სრულყოფისთვის სააგენტომ მუშაობა მრავალი მიმართულებით წარმართა. მაგალითად:

- 2013-2020 წლებში, საქართველოს მოქალაქეთა გარდაცვალების ფაქტების გამოვლენის მიზნით ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საარჩევნო სიიდან 10 200-მდე გარდაცვლილი პირის მონაცემია ამოღებული;

- 2014-2016 წლებში, პოტენციურ ამომრჩეველთა ფოტოსურათებისა და პერსონალური მონაცემების შედარების შედეგად, იდენტიფიცირებულ იქნა და გაუქმდა 7 700-ზე მეტი გაორებული მონაცემი ან/და გაყალბებული დოკუმენტი;

- 2015–2020 წლებში, მონაცემთა ბაზაში სურათის გარეშე და უხარისხო სურათის მქონე ჩანაწერების აღდგენის მიმართულებით განხორციელდა კარდაკარ სამუშაოები და ბიომეტრიული მონაცემების აღება მოქალაქეთა საცხოვრებელ მისამართებზე მოხდა. შედეგად, აღდგენილია 3 500-ზე მეტი ჩანაწერი.

2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებს და ის ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძნება. შესაბამისად, ბიომეტრიული დოკუმენტის ქონა უზრუნველყოფს პრინციპს − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა“.

უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში, 2 861 179 მოქალაქეზე გაიცა ელექტრონული პირადობის მოწმობა, აქედან – 1 742 304 დოკუმენტი, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, გაცემულია უფასოდ ან შეღავათიან ფასად.

დღეისათვის, პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში 3 200 063 მოქალაქე წარმოდგენილია ბიომეტრიული ფოტოსურათით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოდენობის ამომრჩევლის მონაცემი დაზუსტებულია. 2012 წელს კი ამომრჩეველთა სიაში ასეთი მონაცემი მხოლოდ 778 207 იყო.

სწორედ ამ გრძელვადიანი და თანმიმდევრული სამუშაოების შედეგია ის, რომ დღეისათვის ამომრჩეველთა სია არის ბიომეტრიული და მაქსიმალურად დახვეწილი, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფს პრინციპს - „ერთი ამომრჩეველი - ერთი ხმა“.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ მიმდინარე წლის 31 აგვისტოს გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშში, წინა წლების მსგავსად, კვლავ დადებითად არის შეფასებული იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ამომრჩეველთა სიის დახვეწის მიზნით განხორციელებული საქმიანობა“ - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930