13-10-2020
კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების ვერსიები ქვეყნდება, მათ შორის, კონკრეტული საინფორმაციო საშუალებებით, რომ თითქოს აქ იგრძნობა რუსული კვალი. ამ სისულელით იმ რეალობისა და მძიმე სურათის გადაფარვა უნდათ, რაც შექმნეს თავადვე და იმის მაგივრად, რომ ისაუბრონ საქართველოს ისტორიული ტერიტორიის საქართველოსთვის მიკუთვნებისთვის რა გზა და რესურსი არსებობს, მთელი ძალები გადასროლილია იქით, რომ როგორმე რუსული კვალი მოძებნონ და მთავარი თემიდან გადაიტანონ საკითხი სულ სხვა რაკურსში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არანაირი რუსული კვალი არ არსებობს. აქ არსებობს საქართველოს ინტერესი და არსებობს საქართველოს ინტერესისადმი დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფები, მათი მედია საშუალებები, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
გიორგი ვოლსკი, ასევე, წინა ხელისუფლების მიერ 307-ე მუხლის გაუქმების საკითხს გამოეხმაურა, რომელიც სახელმწიფოს ინტერესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა. მისი განცხადებით, ამ საკითხზე იმ პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გასცენ პასუხი, რომლებიც მაშინ ქვეყანას მართავდნენ.
„წინასწარ ხელაღებით საუბარი იმაზე, რომ სამშობლოს ღალატის მუხლის გაუქმება უკავშირდება პირდაპირ დავით გარეჯს, არ შეიძლება, მაგრამ ფაქტი არის ძალიან მძიმე. მოხდა უბედურება, ჩვენმა ოფიციალურმა პირებმა ტელევიზიებით და ოფიციალური საშუალებებით განაცხადეს, რომ დავით გარეჯი არ ეკუთვნის საქართველოს და სულ ცოტა ხანში მოხდა იმ კანონის გაუქმება, რომელიც სახელმწიფო ინტერესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა. ეს არის ფაქტი და ამ ფაქტს მე არ უნდა ვპასუხობდე. უნდა პასუხობდეს იმ პერიოდის პარლამენტის თავმჯდომარე და პოლიტიკური ძალები, ვინც ამ ქვეყანას მართავდნენ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.