გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე დეპუტატები მოსწავლეებს შეხვდნენ

16-04-2018

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები, კომიტეტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის - „მოვუსმინოთ მოსწავლეებს“ ფარგლებში, ქალაქ თბილისისა და რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ.

შეხვედრა გახსნა და საჯარო სკოლების მოსწავლეებს მისასალმებელი სიტყვით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მიმართა.

„ჩვენ, ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, რომელიც არაძალადობრივ გარემოს გულისხმობს, ვმართავთ ამ შეხვედრას. ეს მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის მიზანია გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა იმისთვის, რომ სკოლა, სკოლის გარემო და ზოგადად, გარემო იყოს უფრო მშვიდი, არაძალადობრივი და დაცული ბავშვებისთვის“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ ერთობლივ ღონისძიებებზე, რომლებიც ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით გასულ წლებში გაიმართა.
„ჩვენ განსაკუთრებით ვზრუნავთ მომავალ თაობაზე. მნიშვნელოვანია, რომ კარგად გვესმოდეს ბავშვების ხმა, უფრო ახლო იყოს ჩვენი თანამშრომლობა და კანონმდებლებმა, კანონებზე მუშაობის დროს, გაითვალისწინონ ბავშვის საუკეთესო ინტერესები“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პარლამენტი, მთავრობასთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს, რომელიც ეხება, მათ შორის, სკოლის შიგნით და სკოლის გარეთ არაძალადობრივი და დაცული გარემოს შექმნის სამართლებრივ გარემოს.

საჯარო სკოლების მოსწავლეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, ასევე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სკოლის უსაფრთხოება საკმაოდ კომპლექსური და მრავალმხრივი პრობლემაა, რომელიც ითვალისწინებს არა მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურების რეფორმას. როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, პარლამენტში, მთავრობის წარდგინებით, უკვე დარეგისტრირებულია კანონპროექტი და პარლამენტი უახლოეს პერიოდში დაიწყებს მუშაობას მანდატურის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით.

„სკოლის უსაფრთხოება ბევრად უფრო ყოვლისმომცველი პრობლემაა და არ ეხება მხოლოდ მანდატურის სამსახურს. ეს არის საერთო საზოგადოებრივი საკითხი და მე ვფიქრობ, რომ თქვენ ყველაზე კარგად იცით, დღეს რა ხდება სკოლებში და რამ შეიძლება რეალურად იმუშაოს. ჩვენ შეიძლება ვფიქრობდეთ, რომ ეს თუ ის გადაწყვეტილება მართებულია, მაგრამ თუ ის გადაწყვეტილება თქვენთვის არ იქნება მისაღები, ალბათ ვერ მივიღებთ იმ შედეგს, რომელიც არის საუკეთესო“,-განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ყველას საერთო მიზანია იყოს უსაფრთხო, პოზიტიური და ძალადობისგან თავისუფალი გარემო, როგორც სკოლის შიგნით, ასევე სკოლის გარეთ.

„შეუძლებელია, რომ განათლებისა და მეცნიერების სისტემის მიზანი არ იყოს უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს ფორმირება იმიტომ, რომ თუ მოსწავლეს აქვს გარკვეული შიში და დაძაბულია სკოლაში, იქ შეუძლებელია ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს მოსწავლე თავის პოტენციალს სრულად გამოავლენს, რომ ის იქნება რეალიზებული. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სკოლებში, პირველ რიგში, დავიწყოთ უსაფრთხო და პოზიტიური გარემოს შექმნა“,-განაცხადა ლია გიგაურმა.

მისასალმებელი სიტყვების შემდეგ, საჯარო სკოლების მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები სკოლებში ბავშვთა მიმართ ძალადობის გამომწვევმიზეზებსა და მათი აღმოფხვრის გზებზე. აღნიშნულ საკითხებზე საუბრისას, მათ ყურადღება გაამახვილეს სკოლისა და ოჯახის როლზე, ფსიქოლოგიური სერვისების მნიშვნელობაზე, სოციალურ უნარებზე, მედიის გავლენაზე, მანდატურის სამსახურის ფუნქციებზე და სხვა.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა პედაგოგებმა და ფსიქოლოგებმაც მიიღეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრების საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ შეაჯამა. მისი განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად მომავალშიც გაუკეთებს ორგანიზებას ასეთი ტიპის შეხვედრებს იმისათვის, რომ პარლამენტში კანონმდებლებმა იცოდნენ რას ფიქრობენ ახალგაზრდები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

„ჩემთვის პირადად, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მოსმენა. ჩვენ, 2014 – 2016 წლებში, ვმუშაობდით გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად სკოლამდელი განათლების სტანდარტების შემუშავებაზე. ეს არის პირველი ეტაპი, განათლების პირველი საფეხური, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს რეფორმა უკვე მიმდინარეობს, ვაკვირდებით ამ პროცესს და ვფიქრობ, რომ ეს იქნება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტი, რომელიც შეცვლის არსებულ ვითარებას და გარემოს“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930