13-10-2020
სააკაშვილი დესტრუქციული ძალაა, დამაზიანებელია. სააკაშვილის სახელი ყველა იმ ტყვიას ჰქვია, რომელიც ადამიანს მოხვდა და სიცოცხლეს გამოასალმა ან ზიანი მიაყენა მის ჯანმრთელობას. ესენი არიან ადამიანები, ახალგაზრდები, რომელთა ცხედრებიც ბრძოლის ველზე, მზის ქვეშაა დატოვებული - ამ ვითარებასაც ჰქვია სააკაშვილის სახელი; უამრავი მშვიდობიანი მოსახლე, რომელიც არ გამოიყვანეს თავის დროზე ამ საბრძოლო მოქმედებებიდან და გვიმტკიცებდნენ, რომ რუსეთი ამ კონფლიქტში არ მონაწილეობს - ამასაც ჰქვია სააკაშვილის სახელი; დანარჩენი საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
გიორგი ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არ არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია საქართველოში პროგრესი უზრუნველყოს.
„მან ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა ქვეყანას. რასაკვირველია, რაღაც პროგრესული ნაბიჯებიც იყო თავიდან, მაგრამ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ უამრავ ადამიანზე, რომელიც ეწამა, რომელმაც სიცოცხლე დაკარგა, საცხოვრისი, ჯანმრთელობა, ქონება, და ვლაპარაკობთ საქართველოზე, რომელმაც დაკარგა ტერიტორიების მნიშნელოვანი ნაწილი, რასაკვირველია, არ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, არის თუ არა სააკაშვილი ადამიანი, რომელსაც შეუძლია პროგრესი უზრუნველყოს საქართველოში. ეს შედეგები თვალნათელია და ამ შედეგების უგულვებელყოფა ან თქმა იმისა, რომ ეს არ ხდებოდა, შეუძლებელია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.