14-10-2020
კომუნიკაციების კომისიამ ევროკომისიის მიერ ინიცირებული პროექტის - EU4Digital მმართველი კომიტეტის მეორე სხდომაში მიიღო მონაწილეობა. სხდომა ევროკომისიის ორგანიზებით, COVID-19 პანდემიის გამო ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. პროექტი EU4Digital ევროკომისიის მხარდაჭერით იმართება და ის ციფრულ სფეროში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
EU4Digital-ის ფარგლებში, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება, როგორებიცაა -ელექტრონული კომუნიკაციები, ნდობა და თავდაცვა, ელექტრონული ვაჭრობა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება, ელექტრონული ჯანდაცვა, და ელექტრონული უნარები. პროექტში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანება - EaPeReg და EU4Digital-ის ფარგლებში ევროკომისიის მიერ დაქირავებული კომპანიები Ernt&Young და მსოფლიო ბანკი არიან ჩართულები.
მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობა, როუმინგული ტარიფების შემცირება, სიხშირული სპექტრის ჰარმონიზაცია და ფართოზოლოვანი მომსახურების განვითარება, ფართოზოლოვანი სტრატეგიისა და ინფრასტრუქტურის ციფრული რუკა - სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს თემებს მოიცავს ელექტრონული კომუნიკაციების კომპონენტი.
თემატური დისკუსიის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილეებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში 5G-ის დანერგვის ხელშეწყობისა და განვითარების მნიშვნელობაზე ჩაატარა პრეზენტაცია.
ევროკომისიის მიერ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ელექტრონული კომუნიკაციების კომპონენტი წარმატებით ხორციელდება, რაშიც EaPeReg-ის, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების ქსელის როლი განსაკუთრებულია. კომუნიკაციების კომისია, როგორც EaPeReg-ის წევრი, პროექტში მისი დაწყების დღიდან აქტიურადაა ჩართული და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მის წარმატებაში. შეხვედრაზე სხვადასხვა ექსპერტების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციებით და განცხადებებით ცალსახად აღინიშნა, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში რეგიონში საქართველო ლიდერობს.