15-10-2020
„ოქტომბრის ბოლომდე გავზრდით არსებული რეგულარული ფრენების სიხშირეს ევროპის მიმართულებით, ნოემბრიდან კი მოხდება ფრენების რაოდენობის და მიმართულებების ეტაპობრივი გახსნა. ეს ძალიან დაგვეხმარება, მათ შორის, ორგანიზებულად საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლის უზრუნველყოფაში არჩევნებისთვის. ჩვენი გადაწყვეტილება აბსოლუტურად სინერგიაშია ადაპტაციის პოლიტიკასთან,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს, მინისტრის განცხადებით, ამის თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ამასთან, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ძირითადად საუბარია ფრენებზე ევროპის მიმართულებით, რომლებიც შესრულდება თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან.
მინისტრის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტის ამოქმედება ნიშნავს იმას, რომ საქართველოში რეგულარულ რეისებს უფრო აქტიურად ბიუჯეტური ავიაკომპანიებიც შეასრულებენ. „ეს გადაწყვეტილება მიღებულია ეპიდემიოლოგიებთან შეთანხმებით. ასევე ჯანდაცვის სექტორთან ერთობლივი მსჯელობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ყველა შემომსვლელს ექნება ვალდებულება, წარმოადგინოს PCR ტესტის ლაბორატორიული შედეგები. საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ალტერნატივა, კვლავაც სავალდებულო კარანტინი გაიარონ, ან წარმოადგინონ ნეგატიური ტესტის შედეგი და წავიდნენ თვითიზოლაციაში, სავალდებულო კარანტინის ნაცვლად. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ჩვენი მოქალაქე ამ უფლებით ისარგებლებს. ეს, ერთი მხრივ, გვაძლევს საშუალებას, რომ კვლავინდებურად ვმართოთ ეპიდვითარება და მოვახდინოთ რისკების პრევენცია, მაგრამ, ამავდროულად, არ შევზღუდოთ და გავზარდოთ მობილობა. დიდი იმედი მაქვს, რომ ქვეყანაში შემოვა მეტი ტურისტი, თუ, რა თქმა უნდა, გლობალური ეპიდვითარება ამის საშუალებას მოგვცემს. ბიზნეს-ვიზიტორებიც უფრო მეტად შემოვლენ და ჩვენი მოქალაქეებისთვისაც უფრო მარტივი იქნება მიმოსვლა,“ - განაცხადა მინისტრმა.