გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროკავშირმა და საქართველომ გარემოს დაცვის სისტემის მხარდაჭერის პროექტის შედეგები შეაჯამეს

16-10-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი, ევროკავშირის პროექტის „მხარდაჭერა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი დებულებების განხორციელებაში“ დასკვნით ონლაინ შეხვედრას დაესწრო. შეხვედრაზე პროექტის ძირითადი მიღწევები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ვალდებულებების დროული შესრულება. უცხოელი ექსპერტების ჩართულობით,საშუალება მოგვეცა, შეგვემუშავებინა ისეთი დოკუმენტები, როგორებიცაა საზღვაო გარემოს სტრატეგია და მოქმედებათა პროგრამა, ასევე, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონიდან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტები. ეს დოკუმენტები ჩარჩოს ქმნიან ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმების გასაგრძელებლად, როგორიცაა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ეფექტიანი სისტემის დანერგვა და შავი ზღვის ეკოლოგიური სტატუსის გაუმჯობესება“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
„ევროკავშირი გარემოს დაცვის სფეროში მსოფლიო ლიდერია. ეს სფერო საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. სხვადასხვა პროექტის საშუალებით, როგორიცაა, მაგალითად, აღნიშნული პროექტი, რომელიც დასკვნით ეტაპზეა, ჩვენ, საქართველოს მთავრობას მხარს ვუჭერთ მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევაში ისეთ სფეროებში, რომლებიც უშუალო ზემოქმედებას ახდენს საქართველოში მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობაზე. მოუთმენლად ველით გარემოს დაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის მომავალშიც გაგრძელებას“, - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების ჯგუფის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე დარასიმ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის პროექტი დაეხმარა საქართველოს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონმდებლობის შემუშავებაში, მოამზადა საზღვაო გარემოს ეროვნული სტრატეგიისა და მოქმედებათა პროგრამის სამუშაო ვერსია, ჩაატარა ტრენინგები ინსპექტორებისთვის და შეაფასა ჰაერის ხარისხის ასპექტები, აგრეთვე, მოამზადა ზურმუხტის სამი ტერიტორიის მართვის გეგმა და დაცული ტერიტორიების მონიტორინგისა და მართვის შესახებ ანგარიშები.
უწყების ცნობით, პროექტის შედეგები საქართველოს ხელს შეუწყობს საქართველო-ევროკავშირის შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი დებულებების შესრულებასა და ქვეყნის გარემოსდაცვითი სისტემის გაუმჯობესებას საქართველოს ბუნებისა და მოქალაქეების საკეთილდღეოდ.
ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროექტის სამუშაო ჯგუფის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლები და დაინტერესებული პირები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930