გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: შემდეგი ოთხი წელი გურიისთვის შესაძლებლობების წლები იქნება

16-10-2020

„შემდეგი ოთხი წელი ოზურგეთისთვის, გურიისთვის იქნება შესაძლებლობების წლები და ჩვენ მაქსიმალურად გავხსნით კარს, მაქსიმალურად გავხსნით შესაძლებლობებს ყველა ადამიანისთვის, ვისაც ეს სჭირდება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოზურგეთში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვასილ ჩიგოგიძე წარადგინა.

არჩილ თალაკვაძემ დამსწრეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ სწორედ საზოგადოების მხარდაჭერით, გურიაში მნიშვნელოვანი სამუშაოები და პროექტები განხორციელდა.

სიტყვით გამოსვლისას, მან გურიის განვითარებაში ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიერ შეტანილ განსაკუთრებულ წვლილზე გაამახვილა ყურადღება.

„თვისობრივად ახალი ეკონომიკა განვითარდა და ამ ყველაფერს საფუძველი ჩაეყარა ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მხარდაჭერით. შავი ზღვის სანაპირო ზოლი-ეს არის მსოფლიო ტურიზმის რუკაზე სრულიად ახალი მიზიდულობის ცენტრი, სრულიად ახალი ეკონომიკა, სრულიად ახალი ეკოსისტემა და მზად ვართ, ათი ათასობით სტუმარს ვუმასპინძლოთ ჩვენს მხარეში. გვეამაყება, რომ შევძელით, ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით, ჩვენი საამაყო თეატრის აღდგენა, ავაშენეთ და გავარემონტეთ ფოლკლორის ახალი ცენტრი, სადაც ჩვენი საამაყო მრავალხმიანი მუსიკა ახალ თაობებს გადაეცემა, ვამთავრებთ უკვე მუზეუმის მშენებლობას და ჩვენი კულტურა, ისტორია ახალი სახით წარდგება უკვე ახალი თაობის სტუმრების წინაშე. რაც მთავარია, ეს არის ბიზნესპროექტები, მსხვილი საინვესტიციო პროექტები, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს, დასაქმებას უკავშირდება და ასეთი არაერთი მაგალითი გვაქვს ოზურგეთში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმები ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკის განვითარებას უკავშირდება. არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდების ბიზნეს-ინიციატივების მხარდაჭერა და ბიზნესში ახალი თაობის შექმნა.

„ამიტომ, ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება პროფესიული განათლების, ხარისხიანი განათლების მიწოდება და ამასთან ერთად, კაპიტალის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომ თითოეულმა ადამიანმა, ვისაც სურს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ვისაც სურს მეტის გაკეთება, ამის შესაძლებლობა მიიღოს. შემდეგი ოთხი წელი ოზურგეთისთვის, გურიისთვის იქნება შესაძლებლობების წლები და ჩვენ მაქსიმალურად გავხსნით კარს, მაქსიმალურად გავხსნით შესაძლებლობებს ყველა ადამიანისთვის, ვისაც ეს სჭირდება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ, მოწინავე ხაზზე მდგარ ექიმებს, ექთნებსა და ეპიდემიოლოგებს. მისი შეფასებით, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობამ ვირუსის გავრცელების შეკავება ყველაზე რთულ პერიოდში ეფექტურად შეძლო.

„ მე მაქვს თქვენი იმედი, ჩვენი საზოგადოების იმედი, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს დაუჭერს ჩვენი საზოგადოება მომავალშიც, ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ერთად, მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა“,- მიმართა შეკრებილებს არჩილ თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930