გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: ნაცმოძრაობის ხალხმრავალი აქცია, ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე, საზოგადოების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა

17-10-2020

„არ დავუშვებთ, რომ ისეთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები მომავალში იყვნენ პოლიტიკაში, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“. გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ, მას შემდეგ, რაც აჭარაში ჯანდაცვის პროფესიონალებმა თავდაუზოგავი შრომით, შეძლეს კოვიდ-19-ის შემთხვევების სტაბილიზაცია, ამ უპასუხისმგებლო ძალამ ჩაატარა გუშინ ხალხმრავალი აქცია, ჩაიყვანეს ხალხი ყველა სხვა მუნიციპალიტეტიდან, ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე - ეს არის საზოგადოების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ წალენჯიხაში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია წარადგინა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ამ უპასუხისმგებლო ქმედების გამო, სახელმწიფოს მოუწევს აჭარაში სამედიცინო რესურსების გაორმაგება და ექიმების, ექთნებისა და ეპიდემიოლოგების ორმაგად დატვირთვა, რათა შემდგომ გართულებებს არ ჰქონდეს ადგილი არა მხოლოდ აჭარაში, არამედ სხვა რეგიონებშიც.

„ასეთ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს დღეს საქმე და მის სატელიტურ სისტემასთან, რომელიც დეზინფორმაციით ცდილობს, რომ ხალხს თეთრი შავად მოაჩვენოს და კარგი ცუდად დააჯეროს. არ დავუშვებთ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო ძალები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ეს არის წარსული, მათ აქვთ პრობლემები საკუთარ წარსულთან, ჩვენ კი ვფიქრობთ მომავალზე და მთლიანად მომავალზე ვართ ორიენტირებული“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, „ქართული ოცნება“ მზად არის, მომავალზეც აიღოს პასუხისმგებლობა. პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ამ კონტექსტში, ყურადღება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის კუთხით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე გაამახვილა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა ჯანდაცვის სისტემაშიც და მხოლოდ „ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამამ“ 60 ათასზე მეტი მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადაარჩინა. მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა უზრუნველყო ხელშესახები პროგრესი განათლების, ინფრასტრუქტურის და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, დღეს ევროპა ენდობა საქართველოს და მის ხელისუფლებას.

სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ დამსწრეებს „ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმები გააცნო. მისი თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალი სამუშაო ადგილების და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა იქნება. ამ კუთხით კი, განსაკუთრებულად, ყურადღება განათლების და ინფრასტრუქტურულ მიმართულებაზე გამახვილდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ალექსანდრე მოწერელიას მიმართ მხარდაჭერა გამოთქვა და იმ უპირატესობებზე ისაუბრა, რომელიც ალექსანდრე მოწერელიას სხვა კანდიდატებისგან გამოარჩევს.

„მან ზუსტად იცის სად და როგორ უნდა გადაჭრას საკითხები, რომელიც თქვენს საზოგადოებას აწუხებს, შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ სწორედ ის იქნება ყველაზე ღირსეული წარმომადგენელი თქვენი ოლქიდან და ჩვენ ერთად შევეცდებით, რომ გადავჭრათ საკითხები და უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამეგრელოს, თქვენი ქალაქის, თქვენი სოფლების წინსვლა და პროგრესი“,- მიმართა შეკრებილებს არჩილ თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930