17-10-2020
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს:
„პატივცემულო ვეტერანებო, ჩვენი ქვეყნის ღირსეულო და ერთგულო დამცველებო, მინდა გულითადად მოგილოცოთ დღევანდელი დღე!
თქვენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და ღირსების დასაცავად, თქვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად, ბრძოლის ველზე ერთგულად ემსახურეთ ქვეყანას, საფუძველი ჩაუყარეთ ჩვენი თავდაცვის ძალების გმირულ ისტორიას და გააგრძელეთ ჩვენი სახელოვანი წინაპრების მხედრული ტრადიციები. ამიტომ თქვენი პატივისცემა ჩემთვის ნიშნავს იმ ღირებულებების დაცვას, რასაც ჰქვია ჩვენი სამშობლო, მისი ერთიანობა და თავისუფლება. ჩვენ სწორედ ამ ღირებულებებით უნდა აღვზარდოთ ჩვენი მომავალი თაობები.
მე ქედს ვიხრი თქვენი დამსახურების წინაშე. ქედს ვიხრი იმ მამაცი მეომრების, თქვენი თანამებრძოლების წინაშე, ვინც ბრძოლის ველზე დაიღუპა, მაგრამ მათი გმირობა და თავდადება დარჩა, რომელიც სამაგალითოა თითოეული პატრიოტი მოქალაქისთვის.
თქვენ გჭირდებათ მეტი მხარდაჭერა, ჩვენი სახელმწიფო ვალშია თითოეული თქვენგანის წინაშე. მინდა გითხრათ რომ თქვენი შემართება, შრომა და სამშობლოს სიყვარული უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისა და მისი წარმატებული მომავლისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ვეტერანთა დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ"- ნათქვამია ღარიბაშვილის მისალოც წერილში.