გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: „ქართულმა ოცნებამ“ ადამიანის უფლებები ევროპულ სტანდარტებამდე აიყვანა

18-10-2020

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე ხობში, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ჩემთვის დიდი პატივია წარვდგე დღეს თქვენს წინაშე, ადამიანების წინაშე, რომლებსაც განსაკუთრებით უყვართ თავიანთი მუნიციპალიტეტი, თავიანთი მხარე და ჩვენი ქვეყანა.

ჩვენი გუნდისთვის, „ქართული ოცნებისთვის“ თითოეული ქალაქი, თითოეული რეგიონი განსაკუთრებულია და ყველა მათგანის განვითარება თანაბრად პრიორიტეტულია. 2012 წლის შემდეგ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდა და მასთან ერთად უამრავმა ადამიანმა, მათ შორის თქვენ, სიცოცხლე და პირადი კომფორტი გვერდზე გადადეთ, როდესაც მოძალადე რეჟიმს, ქართველი ერის მოძულე ძალას ქვეყანა ხელიდან გამოვტაცეთ, ვითარება აბსოლუტურად ყველა მიმართულებით უკეთესობისკენ შეიცვალა. ყველაზე მთავარი - ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩადგა და სხვადასხვა მიმართულებით ძირეული რეფორმები განახორციელა.

„ქართულმა ოცნებამ“ ადამიანის უფლებები ევროპულ სტანდარტებამდე აიყვანა და განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკის თუ სხვა სფეროებშიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. გვახსოვს რა მდგომარეობა იყო ჯანდაცვის სექტორში 2012 წლამდე. დღეს, როდესაც ჩვენი შვილები სკოლებში მიდიან, მათ სახელმძღვანელოები ყოველგვარი გადასახადების გარეშე მერხებზე ხვდებათ. გაზრდილია სტუდენტების დაფინანსება და მხარდამჭერი პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება. მუდმივად იზრდება პედაგოგების ხელფასები. მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, ასევე, ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა პროგრამა, რომლითაც ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს და ეს ყველაფერი ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.

ამ ყველაფრის მიუხედავად, არსებობს გამოწვევები, პრობლემები, რომელსაც მოგვარება და მოწესრიგება სჭირდება. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც მშვიდობიანად და სტაბილურად ქვეყნის განვითარება შეუძლია ეს გახლავთ „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“.


საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყნის განვითარების ეს ტემპი შევინარჩუნოთ. შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა.

დარწმუნებული ვარ, თქვენი მხარდაჭერით, თანადგომით ჩვენ ყველა ერთად მოვახერხებთ გამარჯვების მოპოვებას.

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!" - განაცხადა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930