გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: რაც მეტი მოქალაქე გაიკეთებს პირბადეს, ვირუსის გავრცელების სისწრაფე შემცირდება

19-10-2020

სტუდენტების მოთხოვნა სხვადასხვანაირია. ზოგი ხედავს რისკს სწავლის პროცესის გაგრძელებაში, ზოგი პირიქით, ითხოვს სწავლის პროცესის გაგრძელებას, დაწყებას. პირველკურსელებისთვის საერთოდ ამას ხომ ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს ახალგაზრდებს ძალიან დიდ პატივს ვცემთ და მათ ჯანმრთელობას ვუფრთხილდებით, ამიტომ მათ აქვთ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, უმაღლეს სასწავლებლებში ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები უნდა ჩატარდეს აუდიტორიებში, ისიც კონკრეტული წესების უმკაცრესი დაცვით, სხვა ყველაფერი შესაძლებელია უნივერსიტეტმა გადაწყვიტოს იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რისი გათვალისწინებითაც მას შეუძლია გააგრძელოს დისტანციური ან აუდიტორიებში სწავლება.
„ჩვენ ვთქვით, რომ უმაღლეს სასწავლებლებში ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები უნდა ჩატარდეს აუდიტორიებში, ისიც კონკრეტული წესების უმკაცრესი დაცვით, სხვა ყველაფერი შესაძლებელია უნივერსიტეტმა გადაწყვიტოს იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რისი გათვალისწინებითაც მას შეუძლია გააგრძელოს დისტანციური ან აუდიტორიებში სწავლება. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველას ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს და როდესაც ადაპტაციაზე ვსაუბრობთ, ეს არის გრძელვადიანი პროცესი, რადგან ვაქცინა არ არის, ვერავინ გვეუბნება როდის იქნება ზუსტად. ბალანსის დაჭერა წესების დაცვასა და წერტილოვან შეზღუდვებს შორის არის ერთადერთი სწორი სტრატეგია ვირუსთან გრძელვადიანი გამკლავებისა, მეორე ტალღის პირობებში, რა თქმა უნდა, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა უნდა გადაწყვიტონ იმ გარემოებებიდან და რესურსებიდან გამომდინარე, რომელიც მათ აქვთ, თუ როგორ გააგრძელებენ სწავლას. დისტანციურად? - მათ აქვთ ამის შესაძლებლობა. აუდიტორიებში? - მათ ამის შესაძლებლობაც აქვთ. ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეზეა, როდესაც ვსაუბრობთ ვირუსთან თანაცხოვრების დაბალანსებულ მიდგომაზე. ყველამ უნდა გავათვითცნობიეროთ, რომ ვირუსი, განსაკუთრებით მეორე ტალღა, რომელიც აშკარად გრძელვადიანი იქნება ჩვენი სოციალური ქმედების სტილს შეცვლის, რაც უფრო სწრაფად შევიცვლით, მით უფრო ეფექტურად გავუმკლავდებით. რაც უფრო ადრე მიხვდება ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომ პირბადე არის ყველაზე ეფექტური შესაძლებლობა ვირუსის გადაცემიდან თავის დაცვის და შენი პასუხისმგებლობის სხვა მოქალაქეების წინაშე, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მოქალაქე გაიკეთებს. რაც მეტი მოქალაქე გაიკეთებს პირბადეს, ვირუსის გავრცელების სისწრაფე შემცირდება. მარტივ რაღაცას ვამბობ - გავიკეთოთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია, დავიბანოთ ხელი, გავუფრთხილდეთ მოხუცებს, ხანდაზმულებს, რომლებიც არიან ყველაზე მაღალი რისკის შემცველები. სიცხის შემთხვევაში, არ მივიდეთ სამსახურში. ჩვენი შვილები, თუ ვხედავთ, რომ მათ რაიმე სიმპტომი ან სიცხე აქვთ არ გავუშვათ სკოლაში, არ გავუშვათ საბავშვო ბაღში და ამ დიდ წვეულებებს დავანებოთ თავი რაღაც პერიოდით, იმისთვის, რომ ჩვენი და ჩვენი ახლობლების, მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ და ყველამ ერთად შევინარჩუნოთ შესაძლებლობა სწრაფი ეკონომიკური აღდგენისა. გრძელვადიანი პროცესია ეს, მეგობრებო. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დღეს თბილისსა და ბათუმში ერთია, თელავში მეორეა, როგორ შეიძლება აქ იყოს ერთი და იგივე მიდგომა. ამიტომ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომელმაც უნდა შეცვალოს ჩვენი სოციალური ქმედების მოდელი არის ერთადერთი გამოსავალი ადაპტაციისა. ეს ადაპტაცია და დაბალანსებული მიდგომა არის ერთადერთი გზა წარმატებისკენ, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ სწრაფად დავასრულოთ ეს კრიზისი, მარტო საქართველომ არა, გლობალურად, მაგრამ ჩვენი კონკურენტული უპირატესობა უნდა იყოს ის, რომ დასრულებული კრიზისის პირობებში ჩვენ ყველაზე სწრაფად მოვახდინოთ ეკონომიკის აღდგენა, ეს არის ჩვენი მიზანი“, - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930