გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ხარვეზები შეიძლება იყოს პაციენტების გადანაწილების სტრუქტურასა და წესებზე, თუმცა საწოლ ადგილებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არის

19-10-2020

დღეს 112-ში ზარები ათობით ათასით არის გაზრდილი; ჩვენ ამ ზარების დივერსიფიცირება მოვახდინეთ და ისინი გადანაწილდება სხვადასხვა ქოლ-ცენტრში, რეგიონული და ასევე დარგობრივი თვალსაზრისით და ეს პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება და 112-ის მუშაობის ხარისხი ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო გაიზრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დაახლოებით ერთ კვირაში ამ კუთხით არსებული ხარვეზები სრულად აღმოიფხვრება.
რაც შეეხება ინფიცირებული მოქალაქეების განთავსების პროცესში არსებულ გარკვეულ შეფერხებებს, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული.
„იყო შემთხვევა, როდესაც დიდი ოჯახის - 6 ან 7 ინფიცირებულ წარმომადგენელს უნდოდა ერთ კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. ხშირ შემთხვევაში, ჩვენი მოქალაქეები, სხვადასხვა მიზეზის გამო აცხადებენ, რომ მათ კონკრეტულად ერთ კლინიკაში მოხვედრა სურთ. ჯერ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა, მსგავსი სურვილები გავითვალისწინოთ, რასაც ინდივიდუალური მიდგომა ჰქვია, მაგრამ ახლა გადავდივართ ისეთ მოცულობებზე, რომ ეს ყველამ უნდა დავივიწყოთ და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც არ გვაქვს სიცხე და არ გვეკუთვნის ჰოსპიტალიზება და ამას მაინც ვითხოვთ, ჩვენ რისკს ვუქმნით ჩვენს თანამოქალაქეებს, რომელსაც შეიძლება უფრო სჭირდებოდეს შესაბამისი ადგილი. ხარვეზები შეიძლება იყოს დაკავშირებული პაციენტების გადანაწილების სტრუქტურასა და წესებთან, თუმცა არანაირი პრობლემა ჰოსპიტალურ სექტორში საწოლ ადგილებთან დაკავშირებით საქართველოსა და თბილისშიც არ არსებობს“, - აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930