20-10-2020
სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება, მიუხედავად მზარდი მაჩვენებლისა, ამიტომ რაც უნდა გავაკეთოთ ერთადერთი და უპირველესი არის წესების მაქსიმალურად დაცვა, პირბადე და სოციალური დისტანცია, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი მართვას ექვემდებარებოდეს და ასე გავაგრძელოთ, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ვიმყოფებით ვირუსის მართვისა და ვირუსთან ადაპტაციის პროცესში, რაც გულისხმობს კონკრეტული წესების დაცვას და ამ პროცესში თავისი როლი აქვს როგორც სახელმწიფოს, ისე ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს.
„ჩვენ ვიმყოფებით ვირუსის მართვისა და ვირუსთან ადაპტაციის პროცესში, რაც გულისხმობს კონკრეტული წესების დაცვას, გულისხმობს იმას, რომ ამ პროცესში თავისი როლი აქვს როგორც სახელმწიფოს, ისე ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს. რესურსებზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რადგან ამასთან დაკავშირებით კითხვები ხშირად არის. დღეს ეს რესურსები სახელმწიფოს აქვს, საუბარია როგოც ექიმებზე, ისე საუბარია და ხშირად ისმის შეკითხვები საწოლების ფონზე, თუმცა ეს ყველაფერი ბუნებრივია ამოუწურავი არ არის და მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, მაქსიმალურად დაიცვან წესები. დღესაც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც საავადმყოფოში მოთავსება სჭირდება, ვინც არის მძიმე, ვინც არის რისკ-ჯგუფის პაციენტი, ამჟამად საკმარისი რაოდენობა რესურსებისა ამ ადამიანებისთვის სახელმწიფოს გააჩნია, თუმცა, როცა ამას ვლაპარაკობთ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფრთხილად ვიყოთ, რომ ეს სიტუაცია მაქსიმალურად გრძელვადიან პერსპექტივაში შევინარჩუნოთ. კლინიკურ მართვას სახელმწიფო აგრძელებს და კლინიკურ მართვის ახალი მოდელი გვაძლევს საშუალებას, რომ საჭიროების მიხედვით საწოლების საჭირო რაოდენობა გვქონდეს. საუბარია იმაზე, რომ ახალი მოდელის მიხევდით, ოჯახის ექიმების კონსულტაციების შედეგად პაციენტების გარკვეული ნაწილი, მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები მკურნალობას განაგრძობენ სახლში, გარკვეული ნაწილი მკურნალობას განაგრძობენ ე.წ. „კოვიდ სასტუმროებში“ და მძიმე პაციენტები მკურნალობას განაგრძობენ საავადმყოფოებში. როდესაც სახლში და "კოვიდ სასტუმროებში" მკურნალობაზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ყველაფერი ხდება ექიმის მეთვალყურეობით. ბოლო დღეებში გარკვეული უკმაყოფილებები იყო ცალკეულ „ქეისებზე“, რა თქმა უნდა, ხარვეზები არის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს ხარვეზები არ არის სისტემური და ყველა ასეთ შემთხვევაზე, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დროულად მოვახდინოთ რეაგირება. გარკვეულწილად, ეს გამოწვეულია იმით, რომ შემთხვევების მატებასთან ერთად, რაც, ალბათ, კიდევ გაიზრდება, არის გარკვეული პანიკის ეფექტი, ყველას გვახსოვს, რომ იყო ასეთი შეთხვევა თავდაპირველად, როდესაც მაგალითად, 144 გადაგვეტვირთა, გარკვეული ხარვეზები იყო, რომლებიც ჩვენ შემდგომ მოვაგვარეთ, ამით არის ეს პრობლემები გამოწვეული, რა თქმა უნდა, იქ არის რაღაც ცალკეული შემთხვევები პირველადი ჯანდაცვის სფეროში, ცალკეული ხარვეზები, თუმცა ამასაც ვცდილობთ მაქსიმალურად დროულად მოვაგვაროთ,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.