20-10-2020
სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება, ისეთი სისტემური ჩაკეტვები, რომლებიც ეკონომიკაზე პირდაპირ ზემოქმედებას მოახდენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
პრემიერის თქმით, მოქმედების სტრატეგია იქნება ბალანსის დაჭერა, რაც წერტილოვან ღონისძიებებს გულისხმობს.
„სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება, ისეთი სისტემური ჩაკეტვები, რომლებიც ეკონომიკაზე პირდაპირ ზემოქმედებას მოახდენს. მოქმედების სტრატეგია იქნება ბალანსის დაჭერა და ამ ბალანსის დაჭერაში ვგულისხმობთ იმას, რომ იქნება წერტილოვანი ღონისძიებები, თუმცა მეორეს მხრივ, ჩვენი ფუნქცია უნდა იყოს იმაში, რომ მოსახლეობას მოვუწოდოთ ელემენტარული წესები დაიცვან. თქვენ ყველაზე მსხვილი დამსაქმებლები ხართ და თქვენ, ამ წესების დაცვაში უნდა მოგვეხმაროთ ყველგან, ყველა მიმართულებით“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ჩაკეტვას მოყვება სამუშაო ადგილების დაკარგვა, ეკონომიკური აქტივობის ვარდნა და კიდევ სხვა ბევრი რამ.
„პირველი ტალღა, როგორც ეპიდემიოლოგიურად, ასევე ეკონომიკურად, სხვებთან შედარებით, ნორმალურად გამოვიარეთ. მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში, ამ ეტაპზე, შედარებით ნორმალურად ვართ. რესურსი, რომელიც იქნება მომავალი წლის ეკონომიკური სტიმულირებისთვის, იქნება საკმაოდ შეზღუდული და ერთად უნდა გადავწყვიტოთ, სად მივმართავთ ამ რესურსს, როგორც დახმარების, ისე განვითარების თვალსაზრისით“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.