20-10-2020
ამ ეტაპზე არ მივიჩნევთ, რომ რაიმე მასშტაბური გავრცელების რისკებია სასწავლო დაწესებულებებში, თუ ამის რისკებს დავინახავთ, ბუნებრივია, შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ, - ამის შესახებ საქართველოს მტავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ მთავრობა დაინახავს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდა, მუშაობას წერტილოვანი მიდგომებით გააგრძელებს.
„დღეს იმისი რესურსი, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხოდ მიმდინარეობდეს, შესაბამის უნივერსიტეტებს აქვთ. ასევე მივეცით უნივერსიტეტებს დისკრეცია, რომ, იქ, სადაც ისინი თვლიან, რომ რისკები არსებობს და სურვილი აქვთ, რომ დისტანციურად სწავლა განახორციელონ, ეს გადაწყვეტილება მათ მიიღონ და ეს მთლიანად მათ დისკრეციას განეკუთვნება. თუ დავინახავთ, რომ სადღაც ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდა, აქაც წერტილოვანი მიდგომები გვაქვს. იქ, სადაც დადასტურდა შემთხვევები, დაიხურა საბავშვო ბაღები, საკლასო ოთახები და ასეთი წერტილოვანი მიდგომებით გავაგრძელებთ მუშაობას, თუმცა, ამ ეტაპზე არ მივიჩნევთ, რომ რაიმე მასშტაბური გავრცელების რისკებია სასწავლო დაწესებულებებში. თუ ამის რისკებს დავინახავთ, ბუნებრივია, შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.