21-10-2020
დარწმუნებული ვარ, იმ წესებით, რომელიც შემუშავებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ეპიდემიოლოგების მიერ საარჩევნო უბანი იქნება ბევრად უფრო უსაფრთხო, ვიდრე ბევრი სუპერმარკეტი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნები გარდა იმისა, რომ უნდა იყოს გამჭვირვალე, დემოკრატიული და სამართლიანი, იყოს ჯანმრთელობის და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხო და ეს ასეც იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პანდემიის ფონზე არჩევნების ჩატარებას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს საქართველო, ისევე როგორც მსოფლიო იმყოფება ინფიცირების რაოდენობის ზრდის ფაზაში და უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება წესების დაცვით.
„ჩვენ აბსოლუტურად თანმიმდევრულ ნაბიჯებს ვდგამთ, აბსოლუტურად გეგმის მიხედვით მივდივართ. როდესაც ვამბობთ, რომ მსოფლიო და მათ შორის საქართველო იმყოფება ინფიცირების რაოდენობის ზრდის ფაზაში, არავის უნდა გვეგონოს, რომ ეს ზრდა არ გაგრძელდება, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, მაგრამ, წესების დაცვით, ისე რომ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და პირველ რიგში, ჩვენს მოხუცებს და მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს, ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ, უნივერსიტეტებიც უნდა გავხსნათ, არჩევნებიც უნდა ჩავატაროთ და ეკონომიკაც უნდა ვამუშაოთ, აქ ბალანსია ყველაზე მნიშვნელოვანი. მარტივ მაგალითს გეტყვით, დარწმუნებული ვარ, იმ წესებით, რომელიც შემუშავებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ეპიდემიოლოგების მიერ საარჩევნო უბანი იქნება ბევრად უფრო უსაფრთხო, ვიდრე ბევრი სუპერმარკეტი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნები გარდა იმისა, რომ უნდა იყოს გამჭვირვალე, დემოკრატიული და სამართლიანი, იყოს ჯანმრთელობის და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხო და ეს ასეც იქნება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ბევრ სუპერმარკეტში მისვლა იქნება უფრო მაღალი რისკის შემცველი, ვიდრე საარჩევნო უბანზე მისვლა, ამიტომ მე როგორც ჩვენს მხარდამჭერებს, ასევე საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ არჩევნებში მონაწილეობისკენ,“- განაცხადა პრემიერმა.