21-10-2020
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ძირითადი პრინციპი მდგომარეობს ადგილობრივი და საერთაშორისო ტალანტების გაერთიანებაში - ტალანტების განათლება საუკეთესო საქმეა, რომელიც ქვეყნისთვის კეთდება“, - ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე, უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტმა და პროფესორმა ვოლფგანგ ჰერმანმა განაცხადა.
მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ადგილობრივ და საერთაშორისო ტალანტებს მოუყრის თავს და ახალგაზრდა თაობას მოამზადებს, რაც საუკეთესო შესაძლებლობაა.
ვოლფგანგ ა. ჰერმანი: „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ძირითადი პრინციპი მდგომარეობს ადგილობრივი და საერთაშორისო ტალანტების გაერთიანებაში – ტალანტების განათლება საუკეთესო საქმეა, რომელიც ქვეყნისთვის კეთდება“
„დღეს შესანიშნავი დღეა! ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გრანდიოზული გახსნის დღე! ეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უნიკალურია იმ მხრივ, რომ პირველია კავკასიის რეგიონის მასშტაბით. ის სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გააზრებული აქვს თავისი პასუხისმგებლობა მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის განვითარების საქმეში.
ამ ახალი და თანამედროვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტის რანგში ვულოცავ ქვეყანას და განსაკუთრებით გილოცავთ თქვენ, ძვირფასო სტუდენტებო!
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ძირითადი პრინციპი მდგომარეობს ადგილობრივი და საერთაშორისო ტალანტების გაერთიანებაში. ტალანტების განათლება საუკეთესო საქმეა, რომელიც ქვეყნისთვის კეთდება. შესაბამისი გამოცდილების სპეციალისტებია საჭირო იმისათვის, რომ საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები დავაინტერესოთ და შემოვიყვანოთ საქართველოში.
ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ, რაც იმითაც დასტურდება, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში თავმოყრილია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ბრწყინვალე აკადემიური პერსონალი და პროფესორები. მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს 24 წელზე მეტია ვემსახურები და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტობა ჩემთვის დიდი პატივია. სწორედ ჩემი დიდი გამოცდილების საფუძველზე შევეცდები, ხელი შევუწყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარებას. აქვე იმუშავებენ გერმანიის სხვა უნივერსიტეტების საერთაშორისოდ აღიარებული პროფესორები, რომლებიც საუკეთესო სტანდარტებს იცავენ და რომლებმაც იციან, როგორ იქმნება ტექნოლოგიებისა და მრეწველობის წინსვლა.
ვერც ერთი უნივერსიტეტი ვერ გახდება წარმატებული, თუ სტუდენტები არ იქნებიან მოტივირებულნი და ნიჭიერები. ამდენად, სტუდენტებო, ხელი შეუწყვეთ თქვენს პროფესორებს მათ საქმიანობაში, რომლებიც დღეს სამყაროში არსებული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში საუკეთესო ცოდნას გადმოგცემენ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს!“, - განაცხადა ვოლფგანგ ჰერმანმა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და KIU-ს საპატიო პრეზიდენტმა, პროფესორმა ვოლფგანგ ა. ჰერმანმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით დისტანციურად მიმართა.