23-10-2020
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების მიმართ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა, წარმოადგენს სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფლებამოსილებას.
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან, შექმნილია საკონსულტაციო-სათათბირო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია ვეტერანთა უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებითა და იმ ღვაწლმოსილი ვეტერანებით, რომლებიც ვეტერანთა საზოგადოებაში მაღალი ავტორიტეტით სარგებლობენ.
სამსახურის დირექტორის, კობა კობალაძის გადაწყვეტილებით, იგეგმება საკონსულტაციო-სათათბირო საბჭოს გაფართოება და უფრო მეტი ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანის და არასამთავრობო ორგანიზაციის ჩართვა მის მუშაობაში. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, როგორც სფეროზე პასუხისმგებელი უწყება, გამოთქვამს მზადყოფნას, შეხვდეს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს და ორგანიზაციას, მათგან მოისმინოს ვეტერანთა უფლებებისა და შეღავათების გასაუმჯობესებლად გასატარებელი კონკრეტული პროგრამები და უფლებამოსილების ფარგლებში, განიხილოს მათი სამომავლოდ განხორციელების შესაძლებლობა.
აქედან გამომდინარე, გთხოვთ, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების, სამხედრო მოსამსახურეებისა და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ვეტერანებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მოგვაწოდოთ თქვენი ორგანიზაციის დასახელება, რეკვიზიტები და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საკონტაქტო ინფორმაცია მითითებულ მისამართზე:
სამსახურის ცხელ ხაზზე:
2 48 16 26;
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე:
https://www.facebook.com/veteranebi/
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ელექტრონულ ფოსტით:
info@veterans.gov.ge
რათა ერთობლივად განვიხილოთ ვეტერანების სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხები და თქვენი ჩართულობით, უფრო ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული გავხადოთ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მუშაობა" - ნათქვამია განცხადებაში.