26-10-2020
ჩვენ სისტემურ შეზღუდვებს არ ვაწესებთ და ვაგრძელებთ ვირუსთან ადაპტაციას და მის მართვას წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვებით, იქ, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ამის საჭიროება არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, მთავრობა ცდილობს, დაიცვათ ბალანსი - დაიცვას მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ასევე, ნაკლები ზიანი მიადგეს ეკონომიკას.
„საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოში, ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. ეს ზრდა კიდევ მოსალოდნელია. დღეს 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის მიუხედავად, ჩვენ სისტემურ შეზღუდვებს არ ვაწესებთ და ვაგრძელებთ იმ სტრატეგიის მიხედვით სვლას, რომლითაც რომელი სტრატეგიის მიხედვითაც ბოლო პერიოდის განმავლობაში მივდივართ. კერძოდ, ვაგრძელებთ ვირუსთან ადაპტაციას და მის მართვას წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვებით, იქ, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ამის საჭიროება არსებობს. მაქსიმალურად ვცდილობთ, დავიცვათ ბალანსი. ერთის მხრივ, დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ასევე, მეორეს მხრივ, ნაკლები ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას, რათა პოსტკრიზისულ პერიოდში შევინარჩუნოთ სწრაფი აღდგენის რესურსი.
გასულ კვირას გაიმართა პრემიერ-მინისტრის შეხვედრები მსხვილ დამსაქმებლებთან. აქ იყო როგორც საშუალო, ასევე მცირე ბიზნესის წარმომადგენლები და ერთხმად ითქვა, რომ სწორედ ბალანსის დაცვა მოგვცემს შესაძლებლობას, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვირუსის მეორე ტალღასთან ბრძოლის პროცესში. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია ელემენტარული წესების დაცვით - პირბადის ტარებით და დისტანციის დაცვით“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.