26-10-2020
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, იზრდება პროვოკაციების რისკი და უსათუოდ მოიმატებს სიცრუის ტირაჟირების ინტენსივობა, მათ შორის რუსული რესურსის გამოყენებით.
ამის შესახებ კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"დაიწყო ბოლო საარჩევნო კვირა, არჩევნებამდე რჩება რამდენიმე დღე და ძალზე მნიშვნელოვანია, ამ დღეების განმავლობაში შევინარჩუნოთ კონსტრუქციული და მშვიდი საარჩევნო გარემო.
ბუნებრივია, არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, იზრდება პროვოკაციების რისკი და უსათუოდ მოიმატებს სიცრუის ტირაჟირების ინტენსივობა, მათ შორის რუსული რესურსის გამოყენებით, რისი მომსწრეც გავხდით ჩვენ გუშინ ნაციონალური მოძრობის კუთვნილ ერთ-ერთ ტელეარხზე.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, თავი შეიკავონ იმგვარი ქმედებებისგან, რომლებიც შეიძლება უარყოფითად აისახოს საარჩევნო გარემოზე. ჩვენი პარტიის წევრებს, აქტივისტებსა და მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და თავშეკავება, რათა არავის მიეცეს საარჩევნო გარემოსთვის ჩრდილის მიყენების შესაძლებლობა.
ამომრჩეველს ვთხოვთ, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ ტელევიზიებით თუ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რათა არ მოექცნენ დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ, რისი ტირაჟირების ინტენსივობა უკანასკნელი კვირების განმავლობაში დღითი-დღე იზრდება.
გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამზადებენ მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორიცაა, მაგალითად, „დიპფეიკი“. შეგახსენებთ, რომ ამგვარი პროგრამების მეშვეობით ადამიანის ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი. ამგვარი მასალები სოციალურ ქსელებში შეიძლება განთავსდეს არჩევნების წინა დღეს ან არჩევნების დღეს, რასაც ამომრჩეველი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს.
კიდევ ერთხელ გვინდა მადლობა გადავუხადოთ საარჩევნო ადმინისტრაციას საარჩევნო უბნების სრული კოვიდ-უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. 31 ოქტომბერს საარჩევნო უბანი იქნება ბევრად უფრო უსაფრთხო სივრცე, ვიდრე, მაგალითად, მაღაზიები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა. შესაბამისად, ყველა პირობა არის შექმნილი იმისათვის, რომ არჩევნებზე ამომრჩევლის მაღალი აქტივობა დაფიქსირდეს.
ღრმად გვწამს, „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა არ დაუბრუნდეს მძიმე წარსულს და განაგრძოს წინსვლა და განვითარება სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ყველა მიმართულებით.
„ქართული ოცნების“ 73-ივე ადგილობრივი საარჩევნო შტაბი სრულად არის მობილიზებული იმისათვის, რომ ამომრჩეველს მიეცეს საკუთარი არჩევანის თავისუფალ გარემოში გამოხატვის შესაძლებლობა და 31 ოქტომბერს ვიზეიმოთ დამაჯერებელი გამარჯვება" - განაცხადა კობახიძემ.