26-10-2020
მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან 25 ოქტომბრამდე პერიოდში განხორციელდა 7 684 ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 41.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 2 252 ტონით (41%) აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 14.3 მლნ აშშ დოლარით (52%) გაიზარდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (2 233 ტონა), იტალიაში (1 507 ტონა), ჩეხეთში (470 ტონა), პოლონეთში (298 ტონა), ბულგარეთში (220 ტონა), ესპანეთში (209 ტონა), საფრანგეთში (191 ტონა), ლიეტუვაში (203 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), ლატვიაში (62 ტონა), სლოვაკეთში (37 ტონა), ავსტრიასა (22 ტონა) და ხორვატიაში (10 ტონა).
ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი (397 ტონა), სომხეთი (379 ტონა), ბელარუსი (175 ტონა), უკრაინა (148 ტონა), ალჟირი (148 ტონა), ბრაზილია (136 ტონა), კანადა (114 ტონა), საუდის არაბეთი (74 ტონა), მექსიკა (53 ტონა), ერაყი (24 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა.
"აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია. 2020 წელს მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველზე, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული მასშტაბურმა ღონისძიებების შედეგია" - აცხადებენ სამინისტროში.